
შსს: აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი
30/04/2024 20:02:55 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.
„აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს.
გამომდინარე იქიდან რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს",– ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უწყება აცხადებს, რომ "სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას“.
მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოიყენეს სპეცსამშუალებები, იყო ძალადობის შემთხვევები. სპეცრაზმელებმა ჯერ დაიკავეს რუსთაველის გამზირი, შემდეგ უკან დაიხიეს. აქცია გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10–მდე ადამიანი.