
პარლამენტის შესასვლელი დემონსტრანტებს აქვთ ბლოკირებული, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალა
30/04/2024 17:04:59 საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს გამომსვლელებმა ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩების მიმართულებით გადანაწილებისკენ მოუწოდეს. დემონსტრანტებიც დაიძრნენ ხსენებული მიმართულებებით, რათა „სირცხვილის კორიდორი“ მოეწყოთ დეპუტატებისთვის, რომლებიც მალე დატოვებენ პარლამენტის შენობას. თუმცა 9 აპრილის ქუჩა სამართალდამცველებმა გადაკეტეს.
ამ დროისთვის დემონსტრანტების ნაწილი რჩება 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის ერთ–ერთ შესასვლელად და არ აპირებენ ტერიტორიის დატოვებას. ისმის შეძახილები, „გაუმარჯოს საქართველოს“.
პარლამენტის კიდევ ერთ შესასვლელთან ჩიტაძის ქუჩაზე , დემონსტრანტები მართავენ მჯდომარე აქციას. მათი თქმით, სურთ, დეპუტატებს შეუქმნან დისკომფორტი. ადგილზე საპოლიციო ძალები ჰყავთ მობილიზებული.