კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას კვლავ აფრთხილებენ, რომ „აგენტების კანონის“ მიღება პუტინის გზაა
30/04/2024 06:03:51 პოლიტიკა
საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კვლავ გააფრთხილეს, რომ „აგენტების კანონის“ მიღება პუტინის გზაა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და სენატორების არაერთი განცხადების შემდეგ, „აგენტების კანონის“ გამო შეშფოთება გამოთქვეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა – დემოკრატმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა ოსტინ სკოტმა.
ამერიკელი კონგრესმენები 29 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „კანონს უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც პოლიტიკური აქტივობით დაკავებულ და უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს ავალდებულებს უცხოეთის აგენტებად დარეგისტრირებას.
კონგრესმენები კონოლი და სკოტი აღნიშნავენ, რომ პუტინმა ეს კანონი გამოიყენა, რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, პრაქტიკულად გაეუქმებინა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება და კიდევ უფრო განემტკიცებინა სასტიკი დიქტატორული მმართველობა.
ამერიკელი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორი საქართველოსთვის, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია პუტინის ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსი კანონის მიღება.
კონგრესმენების განცხადებით, განაგრძობენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ლიდერებს მოუწოდებენ, ყური დაუგდონ ხალხის მოწოდებებს წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და მთავრობისკენ, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც კორუფციაშია ჩართული.
კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინის კანონის მსგავს „უცხოეთის აგენტების“ კანონს საქართველო ამ გზიდან გადაჰყავს.


