ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "ალტ-ინფოს" ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია შეაჩერა

26-04-2024 13:30:37 პოლიტიკა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "ალტ-ინფოს" ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია შეაჩერა. "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე სოციალურ ქსელში ცესკო-ს წერილის ფოტოს აქვეყნებს.

წერილში აღნიშნულია, რომ ცესკოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25 აპრილის წერილით ეცნობა, რომ უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "ქართული იდეა" რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას.

წერილის მიხედვით, საჯარო რეესტრმა 23 აპრილს ზემოაღნიშნული საჩივარი წარმოებაში მიიღო და "ვიდრე არ დადგინდება პარტიის რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის ცესკოსადმი რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე უფლებამოსილი პირის კანონიერება, ცესკო ზემოაღნიშნული ვადით აჩერებს საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვას".

„ეს წერილი დაგვახვედრა ცესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ,,ქართული იდეის“ გაუქმების პროცესიც დაიწყო. ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს, რომლითაც „ოცნება“ ,,ქართულ იდეას“ აუქმებს, პარტიას რომელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ, იმის გამო, რომ „ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ“, - წერს სოციალურ ქსელში "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე.

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“/„ალტ-ინფო“-მ ცესკოს 2024 წლის არჩევნებისთვის რეგისტრაციის გასავლელად ცესკოში რამდენიმე ათასი ხელმოწერაც შეიტანა. 8 აპრილს, როცა „ალტ-ინფოს“ ცესკოდან პასუხი უნდა მიეღო, საჯარო რეესტრმა პარტიას რეგისტრაცია გაუუქმა.

პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო.

13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ „ალტ-ინფოს“ გადასცეს ცესკოში რეგისტრირებული პარტია „ქართული იდეა“, რომლის ლიდერიც ლევან ჩაჩუაა. „ამ პარტიას წინა არჩევნებში მონაწილეობა აქვს მიღებული“, - აცხადებდა ზურაბ მახარაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები