Accentnews.ge
ბიბილოვის ულტიმატუმი, ახალგორელების საპასუხო დემარში და რა კავშირშია წნელისის კრიზისთან გახარიას გაპრემიერება

ბიბილოვის ულტიმატუმი, ახალგორელების საპასუხო დემარში და რა კავშირშია წნელისის კრიზისთან გახარიას გაპრემიერება

27/12/2019 08:32:18 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს გუშინ ახალგორელებთან მძიმე საუბარი ჰქონდა. ძირითადი თემა ქართული მხარის მიერ აგვისტოში სოფელ წნელისთან საპოლიციო საგუშაგოს განთავსების შემდეგ ცხინვალის მიერ დე ფაქტო საზღვრის სრულად ჩაკეტვა და ამის უმძიმესი შედეგები იყო. ბიბილოვმა ურჩია ადგილობრივებს, ამ კითხვით საქართველოს ხელისუფლებას მიმართონ, რომლის „პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა ეს ყველაფერი“, „ჩამოყალიბდნენ, რომლის მოქალაქეები არიან – საქართველოსი, თუ დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ და "ამის მიხედვით გადაწყვიტონ, რომელ ტერიტორიაზე სურთ ცხოვრება".

ახალგორელებთან შეხვედრამდე ბიბილოვი კულტურის სახლში საახალწლო ნაძვის ხეს ეწვია და ბავშვებს მიულოცა, თუმცა ის იმთავითვე დაძაბული ჩანდა – როგორც ჩანს, ემზადებოდა ადგილობრივებთან რთული საუბრისთვის. და არც შემცდარა: შეხვედრა მართლაც დაძაბული გამოდგა. 2–3–ჯერ დარბაზში აპლოდისმენტებიც გაისმა, თუმცა არა ბიბილოვის მისამართით.

თავად შეხვედრაზე ანატოლი ბიბილოვმა ცალსახად დააფიქსირა, რომ სანამ ქართული მხარე წნელისის საგუშაგოს არ გააუქმებს, გზის გახსნის იმედი არავის უნდა ჰქონდეს, არგუმენტად კი ის მოიყვანა, რომ „როგორც რესპუბლიკის უკლებლივ ყველა მაცხოვრებლის უსაფრთხოების გარანტს, სხვა გამოსავალი არ რჩება, ზეწოლას ვერ დაემორჩილება და მოსახლეობის ერთი ნაწილის უსაფრთხოების ხარჯზე მეორეს კომფორტს ვერ დაუშვებს“:

„ვერ დავუშვებ იმას, რომ წნელისის მოსახლეობის წინაშე, ზუსტად ისევე, როგორც თქვენს წინაშე მოღალატედ წარმოვჩინდე. ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ, სრულიად გააზრებულია. მშვენივრად ვაცნობიერებდი, რომ ვერ გამიგებდით, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, არ შემეძლო, შესაბამისი ზომები არ მიმეღო, უბრალოდ ვალდებული ვიყავი, ეს გამეკეთებინა. თუ ჩვენ ერთნი ვართ, მოდით, ერთად დავუპირისპირდეთ იმ პრობლემას, რომელმაც გზის ჩაკეტვა გამოიწვია. ერთად ვართ? – მაშინ ერთად მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს უკანონო საგუშაგო“.

ახალგორელებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ეს პასუხი, კერძოდ არგუმენტად „უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ დასახელება „ყურით მოთრეულად“ მიიჩნიეს. საქმე იმაშია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, წლის შემაჯამებელ პრეს–კონფერენციაზე იგივე ბიბილოვი ყველას არწმუნებდა, „რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება" და "წნელისის პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდესო“.

როგორც ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ყვება, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, საუბრის მიმდინარეობისას ბიბილოვს 77 წლის ოსმა მოხუცმა მიმართა, რომელსაც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 3 ვაჟი ჰყავს და განაცხადა: „ვერ წარმომიდგენია, როგორ გავატარებ დარჩენილ წლებს, თუ მათთან ურთიერთობის საშუალება არ მექნება და თუ ამის გამო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მომიწევს, მზად ვარ, პასპორტზე უარი ვთქვაო“.

ბიბილოვის პასუხი მკვახე იყო: „ეს თქვენი გადაწყვეტილებაა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ბევრისთვის სამხრეთ ოსეთი სამშობლო არ არის. ისინი მას არ იღებენ. ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება სწორი იქნება, მაგრამ ამ დემარშით ვხვდები, რომ ფეხებზე გკიდიათ თქვენივე ასაკის წნელისელები. თქვენთვის სულერთია. ჩემთვის, როგორც თქვენი თანამოქალაქისთვის, მტკივნეულია აპლოდისმენტების მოსმენა თქვენი ამ სიტყვებისათვის. როგორც გენებოთ, ისე მოიქეცით, ჩააბარეთ პასპორტი, შეიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი – თქვენ ამას არვინ გიკრძალავთ, ეს თქვენი უფლებაა, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“.

დე ფაქტო პრეზიდენტს მიმართა 70–მდე წლის ქალბატონმაც, რომელიც მძიმედაა დაავადებული, ისევე, როგორც მისი მეუღლე, და თბილისში სამკურნალოდ ვერ მიდის: „ბატონო პრეზიდენტო, მე ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ, მეორე სტადია მაქვს. სად წავიდე, რას მირჩევთ? ცხინვალში არ არის ის დონე, რომ ონკოლოგიურ ავადმყოფებს მოემსახურონ. არც ლენინგორში. ორივეს ოსური პასპორტი გვაქვს. ჩემი მეუღლე გულით ავადმყოფია, ორ თვეში ერთხელ აუცილებელი მკურნალობა უნდა ჩაიტაროს. უკვე 6 თვეა, აქ ვართ და ვერ გავდივართ. ონკოლოგიური საავადმყოფოდან უკვე სამი შეტყობინება მივიღე, - შემახსენებენ, რომ მკურნალობის კურსი მაქვს გასავლელი, არ გრცხვენიათ, რომ ამ ვითარებაში ახალ წელს გვილოცავთ?!“.

ბიბილოვის პასუხი ასეთი იყო: „არ მრცხვენია, შეგიძლიათ, ჩემი მილოცვა არ მიიღოთ. თქვენი უფლებაა, სულში ჩამაფურთხოთ, ან რაიმენაირად სხვაგვარად მოიქცეთ. თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩემი მილოცვა სრულიად გულითადია. რაც შეეხება თქვენს ავადმყოფობას, ჩვენთან ონკოლოგიის კუთხით მედიკამენტებიცა და ყველა პროცედურაც აბსოლუტურად უფასოა და ჩვენი წამლები არაფრით განსხვავდება იმ მედიკამენტებისგან, რომელიც საქართველოში გამოიყენება“.

როგორც მეარაყიშვილი ყვება, ბიბილოვის ამ სიტყვების შემდეგ დარბაზში ჩურჩული დაიწყო: დე ფაქტო პრეზიდენტს წარმოდგენა არ აქვს ადგილობრივი მედიცინის შესაძლებლობებზე და ონკოავადმყოფების საჭიროებებზეო.

ცალკე კატეგორიას დარბაზში მგლოვიარე ქალები წარმოადგენდნენ. ერთ–ერთმა მიმართა ბიბილოვს: „ვაჟი გარდამეცვალა და არც ორმოცზე გამიშვეს, სულ არ გეცოდებითო?!".

„მომისმინეთ, მე ეს ყველაფერი მშვენივრად მესმის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ადამიანები აქაც იღუპებიან, იქაც. მოდით, შევარჩიოთ 5–6 ადამიანი, წავიდეთ წნელისში და თავად მოისმინეთ, იქ როგორ იღუპებოდნენ ადამიანები. რატომ არ მიდიხართო?!“.

მთლიანობაში, ბიბილოვი მკაცრი იყო, თუმცა არა უხეში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა აღებული ვალდებულება ძალაშია: მოხუცები პენსიების ასაღებად წეროვანში გადასვლას შეძლებენ, ავადმყოფების ზოგიერთ კატეგორიებს სამკურნალოდ თბილისში გადაუშვებენ, „სამხრეთ ოსეთის მოქალქეებს“ , რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩარჩნენ, შინ დაბრუნებაში დაეხმარებიან, ხოლო რაც შეეხება ყველა სხვა პრობლემას – მათ, ვინც ახლობლების სანახავად ვერ გადადის, სასწავლებლად ვერ მიდის და ა.შ., – ბიბილოვი ურჩევს მათ, „პრობლემის შემქნელს – საქართველოს ხელისუფლებას მიმართონ“:

"ჩვენ ვთავაზობდით ქართულ მხარეს, წნელისი დემილიტარიზებულ ზონად გვექცია, იქიდან ყველა ქვედანაყოფი გასულიყო. ამას ჩვენ ვთავაზობდით – არა ისინი. თბილისი ამაზე არ მოდის. ახლა თავად იქ, კულუარებში საუბრობენ, საგუშაგოს მოვხსნიდით, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკურ საკითხად არის ქცეული, რადგან სწორედ ამ საგუშაგოს წყალობით ჰყავს საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრიო... ესეც ჩვენი ბრალია? შეხვედრა მქონდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. ამბობენ, რომ წნელისი სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა. წარვუდგინეთ მათ პასპორტები - დაწყებული 1917 წლიდან და დამთავრებული თანამედროვეობით. არ სურთ ჩვენი მოსმენა. ჩვენ რუქებს არ ვმალავთ, წარვუდგენთ და ვეკითხებით, გვეთანხმებიან თუ არა იმაში, რომ ეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა? გვპასუხობენ - კიო. მაშ რატომ ხდება ასე?!“.

სამართლიანობისთის უნდა აღინიშნოს, რომ გახარიას გაპრემიერების ნაწილში ბიბილოვმა, რომელსაც კრემლის პროპაგანდისტული ნარატივების რუპორად ვიცნობთ, ამჯერად არ იცრუა: თბილისში მსგავსი მოსაზრებები მართლაც მუსირებს.

«ვფიქრობ, ეს კრიზისი არის სრულიად გაუგებარი, ხელოვნური, უმიზეზო. ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო თავის დროზე ჩორჩანას საგუშაგოს [გახსნის] ამბავი – სრულიად არ ესადაგებოდა „ქართული ოცნების“ ხელწერას და საეჭვოდ დაემთხვა გიორგი გახარიას გაპრემიერებას. არ მინდა, დავიჯერო, მაგრამ ყველაფერი ამაზე მიუთითებს: როგორც დავინახე, იქ ამ საგუშაგოთი არაფერი წყდება. სულ მცირე, სამი საგუშაგო კიდევ უნდა დაემატოს, რომ პერიმეტრი გადაიკეტოს, რაც არ მომხდარა. ამ საკითხზე რუსების რეაქციაც მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ალბათ, წინასწარ იყო შეთანხმებული, ან გაუგებრად იყო დაგეგმილი. ამ უცნაურ აქტს არაფერი მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ ტყვეობაში აიყვანეს ახალგორის მოსახლეობა და ჰუმანიტარული კატარსტროფის თუ არა, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას ხალხი» - განუცხადა ამასწინათ «აქცენტს» კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა.

მეარაყიშვილის დაკვირვებით, ბიბილოვის არგუმენტებმა დარბაზში მყოფთა უმრავლესობა ვერ დაარწმუნა. ხალხი თვლის, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ დასახელებული პრობლემები გზის ჩაკეტვის აუცილებლობას არ ქმნიდა.

მისივე ინფორმაციით, ბევრი შეხვედრის მიმდინარეობისას დემონსტრაციულად დგებოდა და დარბაზს ტოვებდა, ისმოდა შეძახილები, „ხომ ხედავთ მის განწყობას, როგორ უნდა ვესაუბროთო“.

დღეს მეარაყიშვილმა ბიბილოვს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა: “გუშინ თქვენ ბრძანეთ, გზა იმიტომ დაგიკეტეთ, რომ რესპუბლიკის უსაფრთხოებას ექმნება საშიშროება, რომ წნელისში და ცხინვალში ხალხი ომის საფრთხის ქვეშააო. საჯაროდ გისვამთ კითხვას: სინაგურის [წინაგარის – რედ.] გამშვები პუნქტიდან არ ელით საფრთხეს? ის დღესაც მოქმედია და მოძრაობს ხალხი... ამ საგუშაგოს არ მოაქვს რესპუბლიკისთვის საფრთხე?! ეს ხომ ნიშნავს, რომ კონკრეტულად ჩვენი რაიონის მოსახლეობას სჯით? რისთვის?!”.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S