Accentnews.ge
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

27/12/2019 08:09:23 კონფლიქტები, საზოგადოება

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

„ოჯახის ინიციატივით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი და ჩვენი ოჯახის მეგობარი გიორგი კეკელიძე. ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები იქნებიან გაერთიანებული. ახლა საჭიროა, ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი, ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით. ერთი მხრივ, ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებს ან დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად; მეორე მხრივ, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს ამ საკითხის მნიშვნელობას და აქტუალურობას. დღეს, შვიდ საათზე წიგნის საახალწლო ფესტივალზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად იკრიბებიან მწერლები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები, ასევე სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები და ეთნიკური უმცირესობები. ამას გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავმართოთ აქცია-პერფორმანსი „ჩვენი სიფხიზლისთვის“. 29 დეკემბერს საქართველოსა და მსოფლიოში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, თავისუფლების სიგნალი გაისმება. 19:00 საათზე ყველა ქალაქსა და სოფელში, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა გაღელვებთ, უბრალოდ დაასიგნალეთ საკუთარი ავტომობილიდან“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.მანამდეც და ამ პროცესზეც გაფრინდაშვილი დაჟინებით იმეორებდა, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა, რომ არავითარი "საზღვარი" არ არსებობს და შესაბამისად, ის მას ვერ დაარღვევდა. ეს "აქცენტს" პროცესზე დასასწრებლად თბილისიდან ცხინვალში ჩასულმა ადვოკატმა ბადრი მანჯავიძემაც დაუდასტურა.

ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის" ბრალდებით დააკავეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა არაერთი აქცია. ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის სახელმწიფოები. საქართველოს ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდზეც, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართა. ექიმის გათავისუფლების საკითხი ნოემბრის ბოლოს განიხილებოდა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინის შეხვედრაზეც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S