პროფკავშირების გაერთიანება: საქართველოს მომავალი ევროპაშია

23-04-2024 19:51:30 საზოგადოება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება "აგენტების" შესახებ კანონპროექტს ეხმიანება და წერს, რომ პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ათასობით ადამიანი აღადგინეს პოზიციებზე.

როგორც გაერთიანება აღნიშნავს, "კანონპროექტი, სადაც ვკითხულობთ, რომ თუკი ორგანიზაცია შემოსავლის სახით უცხოური დონორებისგან გარკვეული რაოდენობის დაფინანსებას იღებს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ითვლება, მიუღებელია".

"აღსანიშნია, რომ, მათ შორის, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ათასობით ადამიანი აღვადგინეთ პოზიციებზე. მოგეხსენებათ, კვალიფიციური ადვოკატების დაქირავება დიდი ფუფუნებაა, ხოლო ჩვენს მოქალაქეებს ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ ამ პროცესში. კიდევ უფრო მეტს მივაწოდეთ ინფორმაცია მათი შრომითი უფლებების, ქალთა უფლებების, სხვა სოციალური თუ ეკონომიკური უფლებების შესახებ.

სწორედ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში ყველა ეტაპზე, შეიქმნა შრომის კანონმდებლობის აღმასრულებელი ინსტიტუცია შრომის ინსპექციის სამსახურის სახით. ეს მაშინ, როდესაც ადამიანები სამუშაო ადგილებზე მასიურად იღუპებოდნენ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, რაზეც სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს.შემუშავდა საპენსიო კანონმდებლობის ალტერნატიული ვერსია, საიდანაც მოქმედ კანონში პენსიის შესახებ გათვალისწინებულ იქნა პენსიონერებისთვის უმნიშვნელოვანესი რამდენიმე კომპონენტი.პროფკავშირებისთვის უცხოური დონორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად, ცნობიერების ამაღლების კამპანიის საწარმოებლად. ეს პროცესი დღესაც უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. თითოეული ეს ქმედება კი ემსახურება მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ინტერესს.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საქმიანობისა, რაც პროფკავშირების გაერთიანებას უცხოური დონორების დახმარებით ქვეყანაში განუხორციელებია. მიზანი და ამოსავალი კი ყოველთვის საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და არიან.ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ურყევი ნებაა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ქართველი ხალხის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპულია", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები