
სტუდენტები მსვლელობით იმ სასტუმროსთან მივიდნენ, სადაც რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ინსტიტუტი კონფერენციას ატარებს
22/04/2024 16:57:55 საზოგადოება
"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე სტუდენტები მსვლელობით იმ სასტუმროსთან მივიდნენ, სადაც რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული რუსული ინსტიტუტი კონფერენციას ატარებს.
სასტუმრო "ტიფლის პალასის" მიმდებარედ შეკრებილი ახალგაზრდები სკანდირებენ "არა რუსეთს", "არა რუსულ კანონს".
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
22 აპრილს, თბილისში იმართება კონფერენცია - "რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები – 2024. მიზიდულობის ძალები". ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელებულია "კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი" (НИИКР), რომელიც რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის, რუსეთის საგარეო დაზვერვის საბჭოსა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლების მიერაა შექმნილი. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მათ კონფერენცია ოკუპირებულ ცხინვალშიც ჩაატარეს და სტუმრების სიაშია რუსეთის მოქალაქე ვალენტინა კომლეევა, რომელიც თბილისში ჩამოსვლამდე ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა, შესაბამისად, დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.