
ქუთაისში ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოებით თვითნებურად მორთვის მცდელობის გამო რამდენიმე პირი დააჯარიმეს
25/12/2019 09:21:38 რეგიონები, საზოგადოება
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოებით თვითნებურად მორთვის მცდელობის გამო მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენელი 1000 ლარით დააჯარიმა. მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენელის გარდა, 1000–ლარიანი ჯარიმა მიუვიდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარეს გოგი წულაიასაც.
„გაბედეს“ წევრებმა დღეს მერიის წინ აქცია გამართეს და მათი დაჯარიმების ფაქტი გააპროტესტეს. „უნიჭო პოლიტიკური ანგარიშსწორება და შერჩევითი სამართალი“, - ასე შეაფასა „გაბედეს“ წევრმა მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
შერჩევითი სამართლის შესახებ ბრალდებას მერიის ზედამხედველობის სამსახური უარყოფს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის ეკა გრიგოლაშვილის თქმით, დაჯარიმება ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე განხორციელდა.
დაჯარიმების საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.