
SJC აქციაზე დაკავების შემთხვევაში, მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს
15/04/2024 12:03:16 პოლიტიკა, საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (SJC ) "აგენტების" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავების შემთხვევაში, მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.
"აქციის მონაწილეთ საყურადღებოდ: იმ შემთხვევაში, თუ დაგაკავეს, ჩვენი ადვოკატები მზად არიან, უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დახმარება.
დაგვიკავშირდით: +995 577 07 05 63", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ცნობისთვის: ამ წუთებში კანონპროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. დღესვე, საღამოს 19:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან კიდევ ერთი აქცია გაიმართება.
პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.