
ქარტია პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე, ონლაინმედია საკომიტეტო განხილვაზე დაუშვას
15/04/2024 08:32:34 საზოგადოება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტს მოუწოდებს, რომ უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე და ონლაინმედიის წარმომადგენლები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუშვას.
"15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჩანიშნული რუსული კანონის განხილვის მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. ამ დროს კი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, 14 აპრილის გადაწყვეტილებით, სხდომას ვერ ესწრებიან ონლაინ მედიის პარლამენტში აკრედიტირებული ჟურნალისტები, რომელთაც უფლებები პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების დაცვის მოტივით შეეზღუდათ.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული უსაფრთხოების ე.წ „ყვითელი დონის“ პირობებში პარლამენტის შენობაში მიმდინარე ღონისძიებებზე წვდომას მხოლოდ ტელემედიაში მომუშავე აკრედიტებული ჟურნალისტები ინარჩუნებენ.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიაზე, უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე ონლაინ ონლაინ მედია საშუალებების მიმართ და მისცეს მათ საშუალება, პარლამენტში 15 აპრილს დაგეგმილ საკომიტეტო განხილვას დაესწრონ, ასევე, პარლამენტის შენობაში შექმნას ჟურნალისტებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობები, რათა მათ თავიანთი პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელება შეძლონ," - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის: დღეს პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ - ვერც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, მათ შორის აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და ადგილზე მუშაობას ვერ შეძლებენ.
საკანონმდებლო ორგანო მედიის მუშაობის შეზღუდვას უსაფრთხოების ნორმებით ხსნის.
"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას დასაბუთება არ ახლავს თან. მასში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში "უსაფრთხოების ყვითელი დონე" იმოქმედებს. საფრთხის დონეების მიხედვით დაყოფის წესი საქართველოს პარლამენტში მოქმედი თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივა იყო. ამ წესის მიხედვით, ყვითელი დონე საშუალებას იძლევა შეიზღუდოს ჟურნალისტის სპეციალური აკრედიტაციის გაცემა ან/და აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტს შეეზღუდოს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა.
პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო.
სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება.
აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.