
ბათუმი 2024 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულებების ხუთეულში მოხვდა
11/04/2024 13:34:03 საზოგადოება
ტურისტულ პლატფორმა European Best Destinations-ის მიხედვით, ბათუმმა 2024 წელს ევროპის 20 საუკეთესო მიმართულების რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა.
„დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი: ბათუმი ბევრად უფრო საოცარი, საინტერესო, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკურია“, - წერენ რეიტინგის ავტორები.
„აქ ისტორია თანაარსებობს თანამედროვეობასთან – კოსმოპოლიტური ქალაქი ხელუხლებელი ბუნებით მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში, აჭარაში. შესაფერისია სანაპიროზე „უსაქმური დღეებისთვის“, საინტერესო ღამის ცხოვრებისთვის, რომანტიული დასვენებისთვის, მეგობრებთან, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის ... ბათუმი არის ნამდვილი მოგზაურობა, უნიკალური და დაუვიწყარი ადგილი მსოფლიოში“, - ნათქვამია სტატიაში.
ასევე შეფასებულია აჭარის უნიკალური კლიმატი და ბუნება, ძველი ბათუმის ისტორიული არქიტექტურის შერწყმა თანამედროვესთან:
„ბათუმი არის ულამაზესი ზღვის პეიზაჟებისა და მაღალი მთების, უძველესი კულტურული ძეგლების შესანიშნავი კომბინაცია: მონასტრები, შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები, ავთენტური სოფლები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, იმოგზაუროთ დროში... დღეს ბათუმი თავისი ულტრათანამედროვე არქიტექტურით, ევროპული სტილის მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო დონის ბრენდირებული სასტუმროებითა და ძველი ქალაქის კაფეებით იქცა კულტურის ცენტრად, რომელიც ხშირად მასპინძლობს ძირითად რეგიონულ ღონისძიებებს, საერთაშორისო და ხელოვნების გამოფენებს, მსოფლიო სპორტულ ჩემპიონატებს“.
საუკეთესო ევროპული ტურისტული მიმართულებები აირჩია მილიონზე მეტმა ადამიანმა 172 ქვეყნიდან. რეიტინგში პირველი ადგილი ესპანეთის ქალაქმა მარბელამ დაიკავა, მეორეზე მონაკოა, მესამეზე – მალტა, მეოთხეზე კი – ჟენევა.