კრამერი: თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმ გზას, რომელზეც დგას, მაშინ მომავალი არც თუ ისე ნათელია

10-04-2024 20:55:46 კომენტარი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის ხელმძღვანელი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ იმგვარი ნაბიჯებით, როგორიცაა „არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ კანონები“, საქართველოს ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეში აგდებს. ამის შესახებ ის „ამერიკის ხმას“ ესაუბრა საქართველო–აშშ–ის ურთიერთობების კონტექსტში.

„თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმ გზას, რომელზეც დგას, მაშინ მომავალი არც თუ ისე ნათელია. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას ქართველ ხალხთან. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს გააგრძელოს გზა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიდის", - ამბობს კრამერი და აქცენტს სწორედ „აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე აკეთებს.

"ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა კანონები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეში აგდებს. რთულია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც ამგვარ ნაბიჯებს დგამს და არასწორი მიმართულებით მოძრაობს. მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავრჩებით ქართველ ხალხთან, რომელიც რჩება ძალიან პროდასავლური, პროამერიკული, პროდემოკრატიული, ანტიკორუფციული. მაგრამ ვწუხვარ, რომ ამერიკასა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობა გაუარესდება, თუ საქართველოს მთავრობა ამგვარი ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს“, - ამბობს კრამერი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, როცა საქმე უვიზო მიმოსვლისა თუ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევაზე დგება, მომლაპარაკებელი საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს. შესაბამისად, "მთავრობის არასწორი ნაბიჯების" ფონზე, მისი აზრით, "უვიზო რეჟიმის პერსპექტივის იდეა გაქრობას იწყებს.“

„ერთ-ერთი პრობლემა ქართველების მიერ სავიზო რეჟიმის დარღვევაა, როცა ვიზით ჩამოსული მოქალაქეები, განსაზღვრულ ვადას აჭარბებენ და ქვეყანაში რჩებიან. ეს იქნება ერთი საკითხი, რომელიც განსახილველი იქნება. ეს რთული პრობლემაა, რადგან შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს ქართველ ხალხთან ურთიერთობების გაღრმავება და ამერიკაში ქართველების ვიზიტების ხელშეწყობა ამის ერთ-ერთი გზა იქნებოდა. მაგრამ ამაზე მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობამ უნდა აწარმოოს და ვიდრე საქართველოს მთავრობა ნაბიჯებს არასწორი მიმართულებით დგამს, გულწრფელად რომ ვთქვათ, უვიზო რეჟიმის პერსპექტივის იდეა გაქრობას იწყებს. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ეს მალე მოხდება", - ამბობს დევიდ კრამერი.

ანალიტიკოს პირდაპირი ფრენების შესაძლებლობაზეც საუბრობს და ახლო მომავალში არც ამ კუთხით ელოდება დადებით პროგრესს.

"საქართველოს გამოირჩეოდა იმით, რომ იყო დემოკრატიის კუნძული, რომელიც გარშემორტყმული იყო ქვეყნებით, რომლებიც ან ავტორიტარული იყვნენ, ან თავიანთ დემოკრატიულ გარდამავალ პერიოდში იბრძოდნენ. და თუ საქართველო დაემსგავსება ერთ-ერთ ქვეყანას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, მაშინ ის განსაკუთრებული ყურადღება, რომელიც წლების განმავლობაში მის მიმართ იყო, აღარ იარსებებს", - მიიჩნევს კრამერი და ამბობს, რომ ამ ყველაფრის პარალელურად ქართველი ხალხის პროდასავლური არჩევანის მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

"ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფერზე ფიქრი - ხელისუფლების ნაბიჯებისა და ქმედებების მიუხედავად, ქართველი ხალხი რჩება ძალიან პროდასავლური, პროამერიკული და პროდემოკრატიული. ამიტომ, საჭიროა ფრთხილი ბალანსი, ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის შენარჩუნებასა და იმაში დარწმუნებას შორის, რომ საქართველოს მთავრობა აცნობიერებს მის მიერ გადადგმული ნაბიჯების საფასურს“, - ამბობს კრამერი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები