
ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებას ზრდის
05/04/2024 14:29:21 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების ხარჯების დაფინანსებას ზრდის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პაციენტებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს.
ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებისთვის გამოყოფილ 25- ათასლარიან ლიმიტს უცვლელს ტოვებს, თუმცა ამ თანხაში აღარ იანგარიშებს მათთვის საჭირო მედიკამენტებს, რომლებსაც უწყება ისედაც ყიდულობს:
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-იანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით".
"პრაქტიკულად გამოირიცხება, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი“, - განცხადა ჯანდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ ეს ცვლილება შეეხებათ იმ პაციენტებსაც, რომლებმაც აქამდე მოქმედი დაფინანსების წესით გათვალისწინებული 25-ათასლარიანი ლიმიტი ამოწურეს.
ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები მკურნალობის დაფინანსების წესის შეცვლის მოთხოვნით თბილისში აქციებს ხშირად მართავდნენ. მათი თქმით, დაფინანსების არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფდა პაციენტების ნაწილის სრულად განკურნებას.