პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
04/04/2024 13:13:44 პოლიტიკა
პარლამენტში გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესამე – საბოლოო მოსმენით მიიღეს.
“საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში ცვლილებებს, რომელიც “ქართული ოცნების“ მხარდაჭერით დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს, 85 - ხმით ( 22 - წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.
ცვლილება საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. კერძოდ, მიღებული პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც საარჩევნო სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს. ამასთან, გაუქმდა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის ნორმაც, რომლითაც გათვალისწინებულია საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.
ამავე პროექტის თანახმად, პარტიებს ექნებათ უფლება, საარჩევნო სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა განსაზღვრონ არანაკლებ 30 წევრით, ნაცვლად 60 წევრისა.
„საარჩევნო კოდექსის“ დღემდე მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავდა პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა ყოფილიყო ქალი. საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავდა პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა ყოფილიყო ქალი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი არ დააკმაყოფილა.


