პესკოვი – "აგენტების" კანონზე: აბსურდულია მისი „რუსულ პროექტად“ მიჩნევა
04/04/2024 11:01:11 პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას და ამბობს, რომ რუსეთის ინტერესში შედის საქართველოში სტაბილური ვითარება.
„საქართველო ჩვენი მეზობელია. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესშია საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება“, - თქვა პესკოვმა. მის სიტყვებს რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტი" ციტირებს.
მან ილაპარაკა ოპოზიციის რეაქციაზეც:
„ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ოპოზიციის საკმაოდ მკვეთრ და მძაფრ რეაქციას მსგავს გეგმებზე, მაგრამ აქ ალბათ, საჭიროა უფრო აქტიური ახსნა. ამის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა, აბსურდულია“,– თქვა პესკოვმა.
მისი თქმით, ახლა ყველა ქვეყანა პრაქტიკულად ებრძვის მათ, ვინც არის უცხო სახელმწიფოს აგენტი, იღებს ფულს ან იმყოფება უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ.
„ეს არსებითად გლობალური პრაქტიკაა“, - აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვს ჰკითხეს, თვალს ადევნებს თუ არა კრემლი საქართველო "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გარშემო შექმნილ ვითარებას.
„არც ერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა მის შიდა პოლიტიკაში. ეს ნორმალური პრაქტიკაა",– უპასუხა პესკოვმა.
"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა უმრალესობის დეპუტატებმა თქვეს, რომ პროექტს ზაფხულში დაამტკიცებენ.


