
მედია: აშშ რუსეთს კონკრეტულად „კროკუსზე“ და სინაგოგაზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა
03/04/2024 06:54:43 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებს, რომ მოსკოვში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ვაშინგტონის გაფრთხილება ზოგადი ხასიათის იყო. გამოცემა Washington Post შეერთებული შტატების მთავრობის ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი 6 მარტს გააფრთხილეს სწორედ საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ ისლამისტების შესაძლო თავდასხმის შესახებ.
გამოცემის ცნობით, გაფრთხილების კონკრეტული შინაარსი ხაზს უსვამს, რომ ვაშინგტონი დარწმუნებული იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ თავდასხმის მზადებაში.
Washington Post-ის წყაროების ინფორმაციით, 6 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი გააფრთხილა, რომ ტერორისტების კიდევ ერთი პოტენციური სამიზნე მოსკოვის სინაგოგაა. მეორე დღეს, 7 მარტს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ აღკვეთა სინაგოგაზე „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმა.
მას შემდეგ, რაც 6 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არსებული საკომუნიკაციო არხებით რუსეთს მიაწოდა ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ, 7 მარტს საელჩომ მოსკოვში აშშ-ის მოქალაქეები საჯაროდაც გააფრთხილა, თავი აერიდებინათ დიდი შეკრებებისა და კონცერტებისთვის.
ამ გაფრთხილებაზე 19 მარტს, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმამდე სამი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული პროვოკაციული გაფრთხილება შანტაჟს ჰგავდა და მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას და დესტაბილიზაციას.
22 მარტს მომხდარი თავდასხმის შემდეგ, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლება მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა შეტყობინების დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. თავის მხრივ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ბორტნიკოვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი ნარიშკინი ირწმუნებოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მარტის დასაწყისში მიღებული ინფორმაცია ზოგადი იყო და იმ მომენტისთვის არ დადასტურდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტერაქტის შესახებ მოსკოვს თეირანიც აფრთხილებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტერაქტზე, რომელსაც 144 მოქალაქე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, რუსეთი მასთან უკრაინის და მისი პარტნიორების დაკავშირებას ცდილობს.