
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ
03/04/2024 06:23:42 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი განეიტრალებულია.
„უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ნაწილებმა Shahed-ის ტიპის დრონები ხმელნიცკის, ჟიტომირის, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში გაანადგურეს“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
რუსებმა ჯამში უკრაინის მიმართულებით 4 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
ამასთან, რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქს სამი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის დირექტორატის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ 2 აპრილს განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, რუსეთის არმიის შეიარაღებაში დაახლოებით 950 ოპერატიულ-სტრატეგიული და სტრატეგიული დონის რაკეტა რჩება.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის პროგნოზით, „რუსეთმა შეიძლება განახორციელოს კიდევ რამდენიმე მასიური კომბინირებული შეტევა, ვიდრე მას მარაგის შესავსებად პაუზის გაკეთება არ დასჭირდება“.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი პოპკოს თქმით, 2024 წლის პირველ კვარტალში რუსეთმა კიევს 180 გამანადგურებელი საშუალება ესროლა, აქედან 139 რაკეტა. მათ შორის იყო ხუთი ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“.