
1ADAT: ჩეჩენი მამაკაცი, რომელიც "კროკუსის" საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, პოლიციაში წამების შედეგად დაიღუპა
01/04/2024 19:33:40 მსოფლიო
ჩეჩენი მამაკაცი ასხაბ უსპანოვი, რომელიც "კროკუს სითი ჰოლის" საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, მოსკოვის პოლიციაში წამების შედეგად დაიღუპა, – იუწყება ჩეჩნური ტელეგრამ–არხი 1ADAT.
როგორც 1ADAT იტყობინება, "უსპანოვს დამსხვრეული ჰქონდა ნეკნები და ხერხემალი, მის სხეულზე იყო მოგუდვისა და სისხლჩაქცევების კვალი".
1ADAT-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომლის ავტორი იუწყება, რომ "პოლიციაში უსპანოვის თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს, რათა დანაშაული დაეფარათ". დაღუპულის დედამ გამოცემა „აგენტსტვოს“ განუცხადა, რომ მისი შვილი თვითმკვლელობას არ ჩაიდენდა, რადგან მუსლიმი იყო, ისლამი კი თვითმკვლელობას გმობს. უსპანოვის ოჯახი ასევე კატეგორიულად უარყოფს ტერაქტთან მისი კავშირის შესაძლებლობას.
22 მარტს მოსკოვის მახლობლად მდებარე „კროკუს სიტი ჰოლში“ შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს იქ მყოფთ და 144 ადამიანი მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. როგორც დასავლური მედია იუწყება, ტერაქტის შემდეგ რუსეთის ქალაქებში გახშირდა მიგრანტებისა და არასლავური გარეგნობის რუსეთის მოქალაქეების დაკავება. მიგრანტები ჩივიან ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლასა და ქსენოფობიაზე. მიგრანტებს სცემენ, მათ საცხოვრებელ ადგილებში უვარდებიან და რუსეთიდან აგდებენ. ტერაქტთან დაკავშირებით ათზე მეტი პირია დაკავებული.