მამუკა მდინარაძე: "მივმართავთ აშშ-ის საელჩოს, დაიწყოს საუბარი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნაზე"
01/04/2024 16:44:50 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ის საელჩოს მიმართავს, მოსამართლეებს სანქციები მოეხსნათ. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის დროს ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც აშშ-ის მხრიდან მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ. ამ დრომდე არ გვინახავს მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა , არა თუ სანქცირების რაიმე პირობას და რეალურ საფუძველს. მიგვაჩნია, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქიცრებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც NGO-სექტორის რიგით წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები მიმართავენ. თუ რაიმე შეიძლება, აღვივებდეს ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს, ეს არის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, როგორიც არის მოსამართლეების დასანქცირება, ამიტომ კატეგორიულები ვართ ამ მოთხოვნაში, რომ მათ მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენმა მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირების საშუალება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის: 2023 ელის 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ. ესენი არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
როგორც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, "აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად".
ამავე თემაზე: ჯეიმს ო'ბრაიენი განმარტავს, რატომ დააწესეს სანქციები.
„სხვა გზა არ დარჩა“: საქართველო–აშშ–ის ურთიერთობებში უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები.


