როგორ ძლიერდება კადიროვის გავლენა პანკისში

01-04-2024 17:27:18 ეს საინტერესოა ,ინტერვიუ

ცოტა ხნის წინ უცხოეთში მცხოვრებ ჩეჩენ ბლოგერებს ხელში ჩაუვარდათ პანკისის ხეობის ერთ–ერთ მეჩეთში ახლად დანიშნული იმამის ტიხარ დაუშვილის ხმოვანი შეტყობინება, რომელშიც ის ჩეჩნეთის მთავრობას მადლობას უხდის „დახმარებისთვის“ და ჰპირდება, რომ ახალგაზრდებს „ისლამის სწორად გაგებას“ ასწავლის. არც თუ დიდი ხნის წინ, ეს სკანდალის საფუძველი გახდებოდა რამზან კადიროვისა და რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითი განწყობებით გამორჩეულ ხეობაში, სადაც, არსებული ცნობებით, დიდი ხანია, საყრდენების მოძიებას ცდილობს ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი. შეიცვალა რამე ამ მიმართულებით? რა ინტერესი აქვს კადიროვს? როგორ რეაგირებენ ქართული სპეცსამსახურები, რომელთა აქტივობებზეც ხშირად ჩივიან, მათ შორის, პანკისის მკვიდრებიც? – ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ კავკასიოლოგ გელა ხმალაძეს ესაუბრა.

კავკასიოლოგი გვეუბნება, რომ დაუშვილი საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გავლით დაინიშნა სოფელ ომალოში, მეჩეთის იმამად, თუმცა „მას არაფორმალური კავშირები აქვს ჩეჩნეთში, ჩეჩნეთის მუსლიმთა სამმართველოსთან და ცდილობს, იქიდანაც მიიღოს მორალური და შესაძლოა, მატერიალური მხარდაჭერაც“.

– სხვა საკითხია, რომ ჩეჩნური (იგივე რუსული) მხარე შეეცდება, ეს საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს – ამგვარი საფრთხე ყოველთვის იქნება. ქისტები ეთნიკურად ჩეჩნები არიან და როგორც ხსენებული იმამი, ასევე ბევრი ქისტი ცდილობს, რომ კადიროვის ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა იქონიოს. სხვათა შორის, ბევრი ქისტი ცხოვრობს ჩეჩნეთში – 1500–მდე პანიკიდანაა წასული, არსებობს ნათესაური კავშირები, ყველა ცდილობს, ურთიერთობა არ გაირთულოს. ამიტომ, ეს სიახლეები არ მაკვირვებს, მით უმეტეს, რომ ახალი იმამი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ჩეჩნეთში და ღმერთმა იცის, რა კავშირები აქვს, ვისთან აქვს პირადი ურთიერთობები. ფაქტია, ცდილობს, კარგი ურთიერთობები იქონიოს ჩეჩნურ მხარესთან. მან შეიძლება ისეთი იდეები იქადაგოს და გაავრცელოს, მათ შორის, პოლიტიკური, რაც კადიროვს აწყობს.

და ახალგაზრდების ცნობიერების ფრმირებას შეუწყოს ხელი?

– ახალგაზრდების ნაკლებად, რადგან ისინი ძირითადად სალაფიტები [ისლამის მიმდინარეობა – რედ.] არიან და იმ მეჩეთში, სადაც ახალი იმამი მსახურობს, არც კი შედიან. ცოტა ახალგაზრდაა ტრადიციული ისლამის გავლენის ქვეშ. მაგრამ საფრთხეა, მისმა საქმიანობამ ხეობაზე პოლიტიკურ–იდეოლოგიური გავლენა მოახდინოს, რაც რუსეთის ინტერესებშია.

ვიცით რომ ხეობაში კადიროვის მიმართ, რომელიც რუსეთის ხელისუფლებასთან ასოცირდება, მკვეთრად უარყოფითი განწყობები იყო და ამ მხრივ ცვლილებები შეინიშნება?

– ცხადია, პანკისში ჯერ კიდევ 90–იანი წლებიდან არიან ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერები, მაგრამ დიდი დრო გავიდა, ახალი პოლიტიკური რეალიები შემოდის, დუდაევის და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის იდეა ისტორიას ჩაბარდა, ქისტებიც ხედავენ, რომ ახლო მომავალში ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა არარეალურია, ამასთან, კადიროვის ხელში უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობებია. დროთა განმავლობაში იცვლება კადიროვის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებაც – ისეთი რადიკალური და უარყოფითი აღარ არის. ამდენად, ამ მიმართულებითაც ცვლილებებია – თუ ადრე დუდაევის კულტი არსებობდა, დღეს ასეთი რამ აღარ არის. სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ უფრო გაძლიერდა ჩეჩნეთთან მიმოსვლა – ქისტები მიდიან, ბიზნესკონტაქტებია, ცდილობენ, კადიროვის ხელისუფლებასთან (ანუ, რუსეთთან) ურთიერთობები დაალაგონ, შეინარჩუნონ სტაბილურობა და უპრობლემოდ იარონ რუსეთში. სხვათა შორის, უამრავი ქისტი ცხოვრობს არა მხოლოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, მოსკოვშიც და საკმაოდ წარმატებულებიც არიან.

განურჩევლად თაობისა?

– ახალგაზრდა სალაფიტებს არანაირი დადებითი განწყობები არ აქვთ რუსეთის მიმართ, მაგრამ დანარჩენი მოსახლეობა ცდილობს, შეეგუოს არსებულ ვითარებას და ისტორიულ სამშობლოსთან (ჩეჩნეთის რესპუბლიკასთან) ნორმალური საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეს.

დაძირითადად რა მიზნებით მიდიან, ყოფითი საჭიროებებისთვის?

– ბიზნესის დაწყების პერსპექტივა, ნათესაური ურთიერთობები...

– ანუ, არსებობს ნიადაგი, კადიროვის ფული სოლიდურად გამოჩნდეს ხეობაში...

– კადიროვისო, ვერ გეტყვით, მაგრამ რუსეთის მოქალაქეების ფული რომ გამოჩნდება, ეს ცხადია.

– და როგორ უნდა განასხვავო შემდეგ?

– მართალი ხართ, ვერაფრით.

– და ეს ვიზიტები პოლიტიკური გავლენისგან არის დაზღვეული?

– ცხადია, არა – ფინანსურ და ეკონომიკურ გავლენას ყოველთვის თან სდევს პოლიტიკური გავლენა და უსაფრთხოება, მით უმეტეს, როდესაც რუსეთთან გვაქვს საქმე. ყველაფერი იწყება ბიზნესით, ეკონომიკით...

– კვლავ იმამს რომ დავუბრუნდეთ. ჩანაწერში მადლობას უხდის ჩეჩნეთის ხელისუფლებას და ახალგაზრდების „აღზრდას“ ჰპირდება. გაქვთ ინფორმაცია, რაში გამოიხატა ეს დახმარება და რას გულისხმობს მის მიერ ნახსენები „აღზრდა“?

– დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერაში. აღზრდაში კი ალბათ გულისხმობს ისლამის იმ მიმართულებით აღზრდას, რომელიც ჩეჩნეთშია და რა მეთოდების გამოყენებითაც ზრდიან ჩეჩნეთში ახალ თაობას.

კადიროვის რეჟიმის პირობებში ჩეჩნეთში, უპირველესად, ტერორს ვადევნებთ თვალს...

– როდესაც ჩეჩნეთზე ვსაუბრობთ, ტერორი, ძალადობა, ავტორიტარული მმართველობაა იქ მთავარი, მეტი არაფერი ხდება და თუ ამას გულისხმობს ახალი იმამი, არ ვიცი, გამოჩნდება. მაგრამ აქვე ისიც უნდა გვესმოდეს, რომ არც მის წინამორბედ იმამს ომარ ალდამოვს (რომელიც ჩეჩნეთში ავტოავარიაში დაიღუპა) და არც ახალს განსაკუთრებული ავტორიტეტი არ გააჩნიათ და არც ისლამის კუთხით აქვთ დიდი ცნობა (ამას თავად ქისტები აღნიშნავენ). ზოგადად, ისლამში იმამად ირჩევენ ადამიანს, რომელიც თავისი პიროვნული თვისებებით გამოირჩევა და ასევე, ისლამი იმ საზოგადოებაში სხვებზე უკეთ იცის. ახალი იმამი (მისი წინამორბედიც) ამ მხრივ არ გამოირჩეოდნენ.

ლოგიკური დასკვნა...

– რომ სხა პირადი მოტივებითაა დანიშნული და არა იმის გამო, რომ ისლამი უკეთ ესმის, ვიდრე სხვებს...

შესაბამისად, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ერთ–ერთი საკონტაქტო არხი შეიძლება იყოს ადგილობრივებისთვის ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან?

– თავისთავად.

დიდი ხანია, გვესმის წუხილები მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობაში ქართული სპეცსამსახურების ჩარევის თაობაზე და იმაზეც, რომ მათ შორის, პანკისის რეგიონში სწორედ სპეცსამსახურების ხაზით წყდება მთელი რიგი საკითხები. აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ისინი ინფორმირებულნი არიან იმ აქტივობების შესახებ, რაზეც ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ?

– აბსოლუტურად.

მაშ რატომ შედის მსგავსი რამის დაშვება მათ ინტერესში?

– არ მგონია, მათ ინრტერესში იყოს ისეთი იმამის ყოფნა ხეობაში, რომელიც კადიროვის მფარველობით სარგებლობს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯერ–ჯერობით ხელს არ უშლიან და მომავალში რა იქნება, რთული სათქმელია.

და თავად კადიროვის ინტერესი რაში მდგომარეობს? სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ იყო ცნობები, რომ კადიროვი ხეობაში „ხელებს აფათურებდა“ და რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მას ღიად მოიხსენიებდნენ დადებითად, რამაც ადგილობრივები აღაშფოთა...

– დიდი ხანია, კადიროვს აქვს ამბიცია, იყოს არა მხოლოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, არამედ ყველა ჩეჩენის, აკონტროლოს ყველა ჩეჩენი, განურჩევლად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი, ცდილობს, მის კონტროლს დაუქვემდებაროს ყველა ჩეჩნური დიასპორა, გაზარდოს საკუთარი პოლიტიკური წონა. ამდენად, ლოგიკურია, რომ პანკისში მცხოვრებ ქისტებზე, ანუ ეთნიკურად ჩეჩნებზე პოლიტიკური გავლენის მოპოვებას ცდილობს. აქამდე, საქართველოსა და რუსეთის სპეციფიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, კადიროვს მოსკოვი არ რთავდა ნებას, აქტიურად ჩარეულიყო პანკისში: მოქმედებდა სავიზო რეჟიმიც, იყო მკვეთრად ანტირუსული განწყობები და ვფიქრობ, რუსეთის ხელისუფლებას არ აწყობდა, აქ კადიროვის ზედმეტი აქტიურობით კიდევ უფრო გაეღვივებინა ნეგატიური განწყობები და დაეძაბა ვითარება. მაგრამ როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში მისცეს უფლება, გავლენების გაფართოებაზე იზრუნოს. ახლა სავიზო რეჟიმი გაუქმებულია, ეკონომიკური ურთიერთობები უფრო და უფრო იზრდება და ჩემი აზრით, რუსეთი ფიქრობს, შეუძლია, აქტიურად გაატაროს აქ საკუთარი პოლიტიკა და ამ პოლიტიკის ერთი პატარა ნაწილია კადიროვის აქტივობა.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება რიგ დეტალებზე თვალს ხუჭავს, როგორც ზოგადად რუსეთთან ურთიერთობებში ვხედავთ დათმობებს. ალბათ, ამ შემთხვევაში თვლიან, რომ ეს დასაშვებია და საქართველოსთვის „საქმეს არ გააფუჭებს“. არის რისკი, გაძლიერდეს რუსეთთან კავშირის თაობაზე პროპაგანდა და საზოგადოებაში გაჩნდეს დიქტატურაში გადასული რეჟიმის გამართლების ტენდენცია – რეჟიმის, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს – ადამიანები ყოველგვარი გამოძიების და სასამართლოს გარეშე ქრებიან და ერთი პირის ნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი. არასასურველი პოლიტიკურ–იდეოლოგიური გავლენა, ეს არის ძირითადი რისკი. მაგრამ მჯერა, რომ ერთი იმამი, ვინც არ უნდა იყოს ის, რადიკალურად ვერ შეცვლის ვითარებას და საქართველოს ინტერესებს გამოუსწორებენ ზიანს ვერ მიაყენებს, თუ სპეცსამსახურები თავიანთ სიმაღლეზე იდგებიან.

ზოგადად, ყველაფერი იწყება ტენდენციებით და შემდეგ ვითარდება...

– დიახ და ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს, აქვს რესურსი, აღკვეთოს ნებისმიერი არასასურველი აქტივობა, მთავარია, იყოს პოლიტიკური ნება. შემაჯამებლად რომ ვთქვა, იმისგან, რაც დღეს ხდება, ამ ეტაპზე ტრაგედიას არ შევქმნიდი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები