
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვაღრმავებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან
01/04/2024 06:55:05 მსოფლიო
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის განცხადებით, ერევანი ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიისწრაფვის. ამის შესახებ მან პორტალ Todos Noticias-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს დემოკრატია და გვინდა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მთავარი პარტნიორები არიან. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ევროკავშირი მზად იყო, გამოეგზავნა სამოქალაქო მისია და საზღვარზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათი ყოფნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მშვიდობას რეგიონში. ახლა ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან“, - განაცხადა მირზოიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ "5 აპრილს დაგეგმილი სომხეთი-ევროკავშირი-აშშ-ის შეხვედრა შეშფოთებას იწვევს, რადგან ვაშინგტონი და ბრიუსელი ღიად საუბრობენ მის ანტირუსულ ორიენტაციაზე".