
ბუნდესვერმა უკრაინისთვის საკუთარი არსენალიდან 10 ათასი ჭურვის "გადაუდებელი" მიწოდების შესახებ განაცხადა
27/03/2024 19:43:50 მსოფლიო
გერმანია უახლოეს დღეებში უკრაინაში ბუნდესვერის არსენალებიდან 10 ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის გადატანას გეგმავს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა 27 მარტს DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ფროიდინგის თქმით, ბერლინმა კიევისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება სამ ეტაპად გადაწყვიტა. 10 ათასიანი საბრძოლო მასალის პარტია, რომელიც უახლოეს მომავალში ჩავა ომში მყოფ ქვეყანაში, ამ გეგმის პირველი ეტაპია.
მეორე ეტაპი გულისხმობს ევროპის გარეთ საბრძოლო მასალის შეძენის შესახებ ჩეხეთის ინიციატივის მხარდაჭერას. მის ფარგლებში ბერლინი დააფინანსებს 180 ათასი ჭურვის შეძენას, რომელსაც უკრაინა 2024 წლის „მეორე ნახევარში“ მიიღებს.
მესამე ეტაპი ეხება ორმხრივ შეთანხმებას გერმანიასა და ერთ–ერთ ქვეყანას შორის (დასახელებაზე ფროიდინგმა უარი თქვა) – უკრაინას კიდევ 100 ათასი ჭურვი მიეწოდება „დაახლოებით მეოთხე კვარტალში“.
კითხვაზე, რა სჭირდება უკრაინას ახლა ყველაზე მეტად რუსული აგრესიის წარმატებით მოსაგერიებლად, გერმანელმა გენერალმა დაასახელა „საარტილერიო ჭურვები, საბრძოლო მასალა და რაკეტები თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე ჯავშანტექნიკისთვის“.