
მედია: აშშ თურქეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინაში ჭურვების საჭიროების გამო
27/03/2024 19:26:21 მსოფლიო
შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქეთიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების შესყიდვაზე, რათა გაზარდოს საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება, რადგან მოკავშირეები ცდილობენ, უკრაინას მიაწოდონ კრიტიკულად საჭირო საბრძოლო მასალა,– წერს Bloomberg ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
თურქული ტროტილისა და ნიტროგუანიდინის მიწოდება გადამწყვეტი იქნება აშშ-ის ნატოს სტანდარტის 155 მმ საბრძოლო მასალის წარმოებისთვის, რაც პოტენციურად გაასამმაგებს წარმოებას, – აცხადებენ გამოცემის წყაროები.
გამოცემის ცნობით, თურქეთი უკვე ადგას გზას, რომ უკვე წელს აშშ-სთვის საარტილერიო მასალის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდეს.
თებერვლის ბოლოს, პენტაგონმა გამოაცხადა, რომ დადო ხელშეკრულება ამერიკულ კომპანია General Dynamics Ordnance and Tactical Systems-თან სამი ხაზის ასაშენებლად ტეხასის შტატში 155 მმ-იანი ჭურვების ლითონის ნაწილების წარმოებისთვის, რომელსაც თურქი ქვეკონტრაქტორებიც შეუერთდებიან.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ქარხნის ამოქმედება ივნისში იგეგმება.
მოელიან, რომ თურქული თავდაცვის კომპანია Repkon-ის საწარმოო ხაზები, 2025 წლამდე აშშ–ის წარმოების 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების დაახლოებით 30%-ს დაამზადებენ.
გარდა ამისა, პენტაგონმა წელს მიწოდებისთვის თურქული კომპანია Arca Defence-სგან 116 ათასი საბრძოლო მასალა შეიძინა, ხოლო შემდგომ შესყიდვებს მომავალ წელს ელოდებიან.
ტეხასის ინვესტიციებისა და თურქეთის ინდუსტრიის შესახებ განცხადებაში, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მოკავშირეებთან თანამშრომლობა „გადამწყვეტია გლობალური თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის შესაქმნელად“.
როდესაც მსხვილი და მცირე მომწოდებლები იწყებენ წარმოების გაზრდას, მოსალოდნელია, რომ საბრძოლო მასალის წარმოება შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მნიშვნელოვნად გაიზრდება მომავალ წელს და შემდეგშიც, – განუცხადეს დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას ანონიმურობის პირობით.
თუმცა, მასალაში ნათქვამია, რომ ეს ნაწილობრივ დამოკიდებულია აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის დახმარების დამტკიცებაზე, რომელსაც რესპუბლიკელები ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში ბლოკავენ.