
სარჯველაძე – ონკოპაციენტებზე: ვცდილობთ, მდგრადი გადაწყვეტილება მივიღოთ
27/03/2024 15:03:30 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ონკოპაციენტების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ცდილობენ "მდგრადი" გზის პოვნას, რომელიც "ცეცხლის ჩაქრობაზე" არ იქნება მიმართული.
„შეიძლება, ვერ შევძლო ინდივიდუალურად ყველა პაციენტთან შეხვედრა, მაგრამ ამ საკითხებზე არცთუ ისე დიდი ხნის წინ გვქონდა შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდით, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყებოდა მუშაობა. სამწუხაროდ, არ არის ისეთი საკითხები, რომელსაც შეიძლება პრიმიტიული გადაწყვეტილება მოეძებნოს, ვინაიდან კომპლექსური და რთულია. საკითხს მხოლოდ ცალმხრივად ვერ შევხედავთ, ვცდილობთ სამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც მდგრადი იქნება და არა სპონტანური გადაწყვეტილება, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები სლოგანით, "მინდა, ვიცოცხლო“ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მორიგ ჯერზე გააჟღერეს ონკოპაციენტების ჯანმრთელობის უფლების დაცვისადმი მიმართული მოთხოვნები. მათ მინისტრთან შეხვედრაც მოითხოვეს: ისინი მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას მოითხოვენ.