
საფრანგეთში ასობით ადამიანი დააკავეს ანტინარკოტიკული ოპერაციების ფარგლებში
27/03/2024 11:35:43 მსოფლიო
საფრანგეთში, ანტინარკოტიკული ოპერაციების ფარგლებში 867 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი ავრცელებს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ფართომასშტაბიანი ანტინარკოტიკული ოპერაციები ქვეყნის ექვს დიდ ქალაქში - პარიზში, მარსელში, ლიონში, ლილში, კლერმონ-ფერანსა და დიჟონში ტარდება.
„ასევე, ამოღებული იქნა დიდი რაოდენობით იარაღი და ფინანსური აქტივები. ჩვენ არ დავნებდებით“, - აღნიშნა ჟერალდ დარმანენმა.
როგორც განიმარტა, მიზანი საზოგადოების დარწმუნებაა, რომ უწყება სერიოზულად ეკიდება ნარკოდანაშაულს იმ ფონზე, რომ იზრდება ნარკოტიკთან დაკავშირებული ძალადობის მაჩვენებელი. მაგალითად, მარსელში 40–ზე მეტი ადამიანი გახდა ნარკომოვაჭრეებს შორის დაპირისპირების მსხვერპლი.