
უკრაინა რუსეთის ორი აგენტის დაკავების შესახებ იუწყება
27/03/2024 10:05:22 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქვეყანაში დააკავეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ორი აგენტი, რომლებიც აგროვებდნენ სამ რეგიონში სამხედრო ნაწილებსა და ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებისთვის საჭირო მონაცემებს.
მისი ინფორმაციით, დაკავების სპეცოპერაცია კიევსა და ოდესაში ჩატარდა.
"რუსეთის აგენტების განსაკუთრებული ყურადღების სფეროში იყვნენ საჯარისო ქვედანაყოფები, რომლებიც გენერალურ შტაბს იცავენ, პოლტავის ოლქში უკრაინის არმიის ნაწილები და კიევის სატელევიზიო ანძა და თბოელექტროსადგური. აგენტების ამოცანა იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების საჰაერო შეტევებისთვის შესაბამისი კოორდინატების განსაზღვრა. გამოძიების თანახმად, მონაცემების ფარულად მოპოვების მიზნით, ერთი აგენტი ექსპედიტორად დასაქმდა ოდესის კომპანიაში, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს სურსათით ამარაგებს, მეორე კი კიევში აგროვებდა ინფორმაციას სატელევიზიო ანძის და თბოელექტროსადგურის მდგომარეობის შესახებ.
დაკავებული არიან 24 წლის კიეველი მამაკაცი და ოდესის ერთ-ერთი საწარმოს ინჟინერ-ტექნოლოგი, რომლებიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მოსკოვის განყოფილების თანამშრომელმა დისტანციურად გადაიბირა 2024 წლის იანვარში. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს საომარი მდგომარეობის პირობებში სახელმწიფო ღალატის მუხლით, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს", – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე რეაქცია ჯერ–ჯერობით არ ჰქონია.