
გაეროს ანგარიში: უკრაინაში სამი თვის განმავლობაში 429 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ომთან დაკავშირებული ძალადობის გამო
27/03/2024 07:54:14 მსოფლიო
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯაზეც არის საუბარი ანგარიშში მოხვდა სიკვდილით დასჯის 12 ცალკეული ეპიზოდი.
ანგარიში 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდში რუსმა სამხედროებმა 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს. ეს ბევრად აღემატება წინა პერიოდში დაფიქსირებულ შემთხვევებს.
მისიის თანამშრომლებმა გამოკითხეს 60 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსული ტყვეობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდნენ.
ანგარიშში აღწერილია ოკუპანტების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების წამება. მათ შორის ცემა, ელექტროშოკის გამოყენება, სიკვდილით დასჯის მუქარა, სექსუალური ძალადობა. სამხედროები მიუთითებენ, რომ მათ აშიმშილებდნენ, არ ჰქონდათ სვდომა სამედიცინო დახმარებაზე.
ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მიმართ ძალადობაზე. ეს მოიცავს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას, თვითნებურ დაკავებას და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.
„სამი თვის განმავლობაში, სამოქალაქო მსხვერპლი კვლავ მაღალი იყო, 429 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და კიდევ 1,374 დაშავდა კონფლიქტთან დაკავშირებული ძალადობის გამო".