
Amnesty International – "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვაზე: ინიციატივა აშკარა თავდასხმაა ადამიანის უფლებებზე
26/03/2024 17:30:26 საზოგადოება
"ინიციატივა აშკარა თავდასხმაა ადამიანის უფლებებზე', – ასე აფასებს ორგანიზაცია Amnesty International "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, „რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "დაუყოვნებლივ თქვას უარი ინიციატივაზე და უზრუნველყოს ადამიანის უფლებები საქართველოში".
"ლგბტი ადამიანებს ისევე, როგორც ყველა ინდივიდს, უფლება აქვთ, დაცული იყვნენ დისკრიმინაციისგან და სრულად ისარგებლონ ადამიანის ყველა უფლებით, გამონაკლისის გარეშე, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებით", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი ამბობს, რომ "შემოთავაზებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია იცავს, მათ შორის გამოხატვის, შეკრების თავისუფლება მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად":
"შემოთავაზებული ინიციატივა არის აშკარა თავდასხმა ადამიანის უფლებებზე საქართველოში და განსაკუთრებით, ლგბტი ადამიანების უფლებებზე. შემაშფოთებელია მმართველი პარტიის მიერ ასეთი მავნე ინიციატივის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ადამიანის ღირსების, პატივისცემის, თავისუფლებისა და ყველასათვის თანასწორ ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამ ღიად დისკრიმინაციული კანონმდებლობის ხელშეწყობით, საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ღალატობს ადამიანის უფლებათა პრინციპებს, არამედ იზიარებს ყველაზე სამწუხარო მაგალითებს რეგიონიდან, სადაც ლგბტი პირების უფლებები სულ უფრო და უფრო მეტად ირღვევა".
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "მმართველმა პარტიამ მიიღო გადავწყვიტილება, დააინიციროს საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მოყვანილი არგუმენტები სრულიად უსაფუძვლოა და ახალი კანონის მიღების საჭიროება არ არსებობს. მმართველი პარტიის ინიციატივას ძირითადად საარჩევნო მიზნებს უკავშირებენ და შიშობენ, რომ ის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას შეზღუდავს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ კონსტიტუციას დაიცავს.