
ზელენსკიმ დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა
26/03/2024 14:33:01 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ზელენსკის შესაბამისი ბრძანებულება 26 მარტით თარიღდება. ზელენსკის ბრძანებულებაში გადაყენების მიზეზებზე საუბარი არ არის.
უკრაინის პრეზიდენტის მეორე ბრძანებულების თანახმად, ამ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ლიტვინენკო დაინიშნა.
თანამდებობაზე დანილოვის ყოფნის პერიოდში საბჭომ ქვეყანაში აკრძალა რამდენიმე რუსული მედიასაშუალების მუშაობა. დაიბლოკა რამდენიმე ადგილობრივი ტელეარხი, რომლებსაც უწყება პრორუსულად მიიჩნევდა. შემოღებულ იქნა სანქციები უკრაინის ზოგიერთი მოქალაქისა და ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც ძირითადად მოსკოვის სასარგებლოდ მუშაობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. 26 მარტის მდგომარეობით, სიაში შედიოდა 10085 ფიზიკური და 7117 იურიდიული პირი.