
მედია: გაეროს სანქციების მიუხედავად, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობის მიწოდება დაიწყო
26/03/2024 14:25:39 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული გაეროს სანქციების მიუხედავად, რუსეთმა ფხენიანისთვის ნავთობის მიწოდება დაიწყო, – იუწყება The Financial Times.
გამოცემის ცნობით, ნავთობის მიწოდება დაიწყო 7 მარტს.
"ეს ჩრდილოეთ კორეაში განხორციელებული პირველი დადასტურებული ექსპორტია გაეროს მიერ სანქციების დაწესების შემდეგ. სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე პორტ ვოსტოჩნიდან ნავთობპროდუქტებით დატვირთული მინიმუმ ხუთი ჩრდილოკორეული ტანკერი გავიდა. ამის შემდეგ ორი გემი პორტ ჩხონჯინში გაემართა, სადაც, როგორც ჩანს, ნავთობი გადმოტვირთეს", – იუწყება The Financial Times.
"ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის" (RUSI) მეცნიერის ჯოზეფ ბირნის თქმით, ამ ხომალდებიდან ზოგიერთი გაეროს სიაშია შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უცხოურ პორტებში ყოფნაც კი აკრძალული აქვთ.
„ნავთობის ეს მიწოდება სრულმასშტაბიანი თავდასხმაა სანქციების რეჟიმზე, რომელიც ახლა კრახის პირასაა“, - განაცხადა ჰიუ გრიფიტსმა, იგი ყოფილი კოორდინატორია გაეროს ჯგუფის, რომელიც კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაცვას აკონტროლებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, შარშან აგვისტოში ჩრდილოეთ კორეამ დაიწყო რუსეთისთვის ამუნიციის მიწოდება, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. RUSI-ის მონაცემებით, პორტი ვოსტოჩნი ასევე სატრანზიტო პორტად გამოიყენება გემების მიერ, რომლებიც იარაღის მიწოდებაში მონაწილეობდნენ.
„ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის მკაფიო ბარტერული შეთანხმება ‘იარაღი ნავთობის სანაცვლოდ’, რაც ღიად არღვევს სანქციებს, რომლებსაც ვლადიმირ პუტინმა პირადად მოაწერა ხელი“, -აღნიშნა ჰიუ გრიფიტსმა.
როგორც გამოცემა იტყობინება, კრემლის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა კომენტარზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის: გაერომ ფხენიანს სანქციები ბირთვული იარაღის გამოცდის საპასუხოდ 2017 წელს დაუწესა.