
მალიუკი: უკრაინას უკვე აქვს ქერჩის ხიდის განადგურების პოტენციალი
26/03/2024 11:40:25 მსოფლიო
უკრაინას საკმარისი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ გაანადგუროს ქერჩის (ყირიმის) ხიდი, მაგრამ დარტყმებს არ ახორციელებს, რადგან რუსეთის ჯარებმა შეწყვიტეს მისი გამოყენება იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვასილ მალიუკმა უკრაინულ ტელეარხ ICTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსები მის სრულ აღდგენაზე მუშაობენ. ახლა საყრდენები დაზიანებულია, რაზეც ის დგას. როდესაც აღადგენენ მათ, ალბათ, კვლავ დაიწყებენ თავიანთი საბრძოლო მასალის ზედ ტარებას. შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ ვეტყვით, "გამარჯობა". ყველაფერს თავისი დრო აქვს, ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს“, - თქვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.
მან დადებითად უპასუხა ICTV–ის შეკითხვას იმის შესახებ, აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი პოტენციალი ქერჩის ხიდის გასანადგურებლად.
"რა თქმა უნდა, პოტენციალი უკვე გვაქვს", - უპასუხა მალიუკმა.
მისი თქმით, ხიდზე შეტევამდე რუსული ძალები მას აქტიურად იყენებდნენ:
„ჩვენს წარმატებულ დარტყმამდე იქ დღეში 42-დან 46-მდე მატარებელი გადიოდა იარაღითა და საბრძოლო მასალით. ამჟამად დღეში ოთხიდან ხუთამდეა. ოთხი არის სამგზავრო, მეხუთე პროდუქცია. ანუ მტერი დღეს საერთოდ არ იყენებს ხიდს იარაღისა და განადგურების საშუალებების მოსაწოდებლად“, - ამბობს მალიუკი.
ქერჩის ხიდი ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორიასთან აკავშირებს. 2022 წლის ოქტომბერში ხიდზე აფეთქება მოხდა. კიდევ ერთი აფეთქება დაფიქსირდა 2023 წლის 17 ივლისს.
26 მარტს ცნობილი გახდა, რომ ვასილი მალიუკი ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაუსწრებლად დააპატიმრა რუსულმა სასამართლომ. ამავე საქმეზე ასევე დაუსწრებლად დააპატიმრეს საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძე.