
თურქეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობის ბრალდებით 147 ადამიანი დააკავეს
26/03/2024 09:14:45 მსოფლიო
თურქეთის 30 პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 147 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა.
მთლიანობაში, მინისტრის თქმით, 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 25 მარტამდე თურქეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 2000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათგან 692 დაპატიმრებულია. ამოღებულია დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა, საორგანიზაციო დოკუმენტები და ციფრული მასალები. მინისტრმა ასევე დაარწმუნა მოქალაქეები, რომ ეს არ არის დასასრული: „ტერორიზმთან ჩვენი ბრძოლა მტკიცედ გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო ტერორისტი არ განეიტრალება“.
მანამდე იუწყებოდნენ, თურქეთმა რუსეთს მიაწოდა ინფორმაცია Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის ორი მონაწილის შესახებ. თავდასხმამდე ისინი თურქეთში მცირე ხნით იმყოფებოდნენ.
მოსკოვის რეგიონში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა 22 მარტის საღამოს მოხდა. დაიღუპა 130-ზე მეტი ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.