
უკრაინელებმა „ნეპტუნით“ რუსეთის მიერ მიტაცებული „კონსტანტინე ოლშანსკი“ დაბომბეს
26/03/2024 08:07:02 მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა ანექსირებული სევასტოპოლის ყურეში "კონსტანტინე ოლშანსკის" სადესანტო ხომალდს "ნეპტუნის" რაკეტებით დაარტყეს, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა.
მან გაიხსენა, რომ გემი რუსეთის არმიამ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიპყრო და მას შემდეგ ის სევასტოპოლის ყურეში იყო ბაზირებული, შლიდნენ ნაწილებად. მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემები იწურებოდა, აღდგენა გადაწყვიტეს და შესაბამისი სამუშაოები დაიწყეს.
„ამ სამუშაოების მიზანი, როგორც გვესმის, იყო მოსკოვის ხელმძღვანელობისთვის და ინფორმაციის გაუთვითცნობიერებელი მომხმარებლებისთვის (რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე) ცნობა, რომ თითქოს მათ აღადგინეს ერთ-ერთი დიდი სადესანტო ხომალდი, რომელიც ადრე დაზიანებული იყო. ეს შეიძლება ყოფილიყო "მინსკი" ან "ოლენეგორსკი გორნიაკი", რადგან იქ დაზიანების ხასიათი იმგვარია, რომ მათი აღდგენა ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. და შესაბამისად, გაუჩნდათ ასეთი იდეა: ჩვენი გემი ერთ-ერთ თავიანთად გაესაღებინათ. შესაბამისად, ეს გემი უკრაინის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინათ, სამწუხაროდ. ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს ერთეული ჩვენი "ნეპტუნით" გაგვენადგურებინა“, – განაცხადა სპიკერმა.
მისი თქმით, დაზიანების ხარისხი ზუსტდება, მაგრამ ახლა ხომალდი "არ არის საბრძოლო მზადყოფნაში".
რუსული ჯარების მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შედეგად, 2014 წლის 6 მარტის ღამეს, უკრაინის საზღვაო ძალების ექვს სამხედრო ხომალდთან ერთად, "კონსტანტინე ოლშანსკი" დაიბლოკა დონუზლავის ტბაში. რუსებმა უკრაინელ სამხედროებს ულტიმატუმი წაუყენეს, გადასულიყვნენ რუსულ მხარეს. გემის ეკიპაჟმა უარი თქვა ულტიმატუმის შესრულებაზე. 24 მარტს რუსებმა შტურმით დაიკავეს ხომალდი.
უკრაინული მედიის ცნობით, ეკიპაჟმა მწყობრიდან გამოიყვანა ხომალდის მამოძრავებელი სისტემა და ელექტრონული აღჭურვილობა. 2014 წლის ოქტომბერში "კონსტანტინე ოლშანსკი" გადაიყვანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზაზე ქალაქ სევასტოპოლში.
„კონსტანტინე ოლშანსკი“ არის პროექტი 775-ის წარმომადგენელი, ნატოს კოდიფიკაციის მიხედვით - Ropucha. შეუძლია გადაიტანოს სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკა, მათ შორის ტანკები, ასევე იტევს 340-მდე პერსონალს. ამ პროექტის ხომალდები რუსული სადესანტო ფლოტის საფუძველია.