
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება
26/03/2024 06:19:09 საზოგადოება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.
მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება.
დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველო–საბერძნეთის საფეხბურთო მატჩის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დრო გახანგრძლივდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება.
გარდა ამისა, ავტობუსები - N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.