
"როსნეფტის" მესამე მსხვილი ქარხანაა პარალიზებული დრონებით თავდასხმის გამო
25/03/2024 17:58:21 მსოფლიო
რუსეთის კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შაბათ-კვირას ორი ნავთობგადამამუშავებელი განყოფილებიდან ერთი გააჩერა. იტყობინება Reuters ინდუსტრიიდან ორ წყაროზე დაყრდნობით.
1950-იან წლებში აშენებულმა ქარხანამ, რომელიც "როსნეფტის" საკუთრებაშია, დაკარგა სიმძლავრის 47%, რაც 20 ათასი ტონაა დღეში.
გადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო ხანძარი გაჩნდა და დაზიანდა AVT-5 პირველადი გადამამუშავებელი განყოფილება, რომლის სიმძლავრე დღეში 9,5 ათასი ტონაა.
კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელმაც შარშან 0,6 მილიონი ტონა ბენზინი, 1,2 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 1 მილიონი ტონა მაზუთი აწარმოა, გახდა "როსნეფტის" მესამე ქარხანა, რომელიც თავდასხმის ქვეშ მოექცა.
13 მარტს დაზიანდა კომპანიის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რიაზანში, რომელიც საწვავს აწვდის მოსკოვსა და რეგიონს. ხანძრის შემდეგ ქარხანაში შეჩერდა ორი განყოფილება - AT-6 და AVT-4. შედეგად, ქარხანამ დაკარგა ბენზინის წარმოების მესამედი (3,3 ათასი ტონა დღეში) და დიზელის საწვავის წარმოების ნახევარზე მეტი (5,8 ათასი ტონა დღეში).
16 მარტს, სიზრანში მდებარე ქარხანაში ნავთობის გადამამუშავებელ ერთადერთ მოქმედ განყოფილებას ცეცხლი გაუჩნდა უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის გამო. შედეგად, ქარხანამ, რომელიც ყოველდღიურად 4,3 ათასი ტონა დიზელის საწვავს და 2 ათას ტონა ბეზინს აწარმოებდა, მუშაობა შეწყვიტა. სარეზერვო განყოფილება - AVT-5 - ტექნოლოგიურად უმოქმედოა მრავალი წლის განმავლობაში, მის გაშვებას დრო დასჭირდება, მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს მოხდება, გადამამუშავებელი ქარხანა შეძლებს, აწარმოოს ბენზინის ადრინდელი მოცულობის მხოლოდ ნახევარი, განუცხადეს წყაროებმა Reuters-ს.
ამან უკვე გაზარდა ბენზინის საბითუმო ფასი– სამ კვირაში 13-15%-ით. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, ნავთობკომპანიებმა დაიწყეს დაახლოებით 2 მილიონი ტონა დაგროვილი მარაგის გაყიდვა, განუცხადეს "კომერსანტს" ინფორმირებულმა წყაროებმა.