
მედია: ერთ კვირაში რუსეთის ავიაციამ ბელგოროდში ბომბი შეცდომით მეხუთედ ჩამოაგდო
25/03/2024 17:35:59 მსოფლიო
რუსულმა თვითმფრინავებმა ბელგოროდის რეგიონში კიდევ ორი ბომბი ჩამოაგდეს, წერს Astra თავის წყაროებზე დაყრდნობით.
ავიაბომბი FAB-250 აღმოაჩინეს ვალუისკის სოფელ შალაევოს მახლობლად. ანალოგიური ტიპის საბრძოლო მასალა იპოვეს სოფელ კოზინკადან ხუთ კილომეტრში.
გამოცემის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ ორი მსგავსი საბრძოლო მასალა ჩამოვარდა ბელგოროდის რეგიონში. ერთ-ერთი მათგანი იპოვეს რაკიტიანსკის რაიონში სოფელ ვვედენსკაია გოტნიას მახლობლად.
მედია აღნიშნავს, კიდევ ერთი საბრძოლო მასალა გრეივორონის მახლობლად სოფელ ზამოსტიეს დაეცა, სადაც ბომბდამშენი თავს დაესხა "უკრაინელ დივერსანტებს". „ძლიერი ფეთქებადი ბომბი კვლავ სოფლის გასასვლელთანაა, რადგან გამნაღმველები და მაშველები ვერ იწყებენ მიწიდან ამოღების პროცესს",– აღნიშნავს გამოცემა.
ჟურნალისტები იხსენებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები უკრაინისკენ მიმავალ გზაზე რუსეთისვე ტერიტორიაზე ყრიან საბრძოლო მასალას. ყველაზე ხშირად ინციდენტები ბელგოროდის რეგიონში ხდებოდა. მაგალითად, 22 თებერვალს სოფელ სოლოტში FAB-250 დაეცა, საბრძოლო მასალა არ აფეთქდა და მოგვიანებით განადგურდა პოლიგონზე. 27 იანვარს FAB-250 იპოვეს კოროჩანსკის რაიონის სოფელ პოსტნიკოვში. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა მაგალითად, 21 იანვარს სოფელ იონოვკას მახლობლად და 13 იანვარს კრასნოდარის მხარეში.
2 იანვარს ვორონეჟის რაიონის სოფელ პეტროპავლოვკაში რუსული რაკეტა ჩამოვარდა და აფეთქდა. დაშავდა ოთხი ადამიანი, დაზიანდა 100-ზე მეტი სახლი, სკოლა, საზოგადოებრივი ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა, ასევე ხუთი მანქანა და ტრაქტორი.
„საბრძოლო მასალის არანორმირებული გაშვება“ ასევე დააფიქსირეს 2023 წლის 20 აპრილს, სუ-34-ის ბომბდამშენის ფრენისას ბელგოროდის თავზე. ბომბი ქალაქის ცენტრში - ვატუტინისა და გუბკინის ქუჩების კვეთაზე დაეცა, რასან ნგრევა და ადამიანების დაშავება მოჰყვა.
მიმდინარე წლის იანვარში ბელგოროდის რეგიონში ასევე აღმოაჩინეს X-101 რაკეტა, რომელიც "გაუმართაობის გამო" ვერ მისწვდა სამიზნეს.