
ტრაილერის მძღოლების პროტესტს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებით ეხმიანება
25/03/2024 15:53:00 საზოგადოება
ნატახტარში ტრაილერის მძღოლების პროტესტის განახლებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებით ეხმაურება და ამტკიცებს, რომ შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის პროცესი „შეუფერხებლად მიმდინარეობს“.
„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 18 მარტიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების სრულად გაცემის გადაწყვეტილება მიიღო და პროცესი მომსახურეობის ოფისებში დღემდე შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებსაც 2023-2024 წლების განმავლობაში მიღებული აქვთ მესამე ქვეყნის (თურქეთი, რუსეთი, ყაზახეთი) ნებართვა, შესაძლებლობა აქვთ წინასწარ გაცხადებულ თარიღებში მიიღონ შესაბამისი ნებართვები.
აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ცნობას გარკვეული ჯგუფებისათვის დამატებითი სიების მიხედვით ნებართვების გადაცემასთან დაკავშირებით: ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გადამზიდავების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
დაინტერესებულ პირებს მხოლოდ სააგენტოს მომსახურების ოფისებში გაკეთებული განაცხადების საფუძველზე შეუძლიათ ნებართვების მიღება.
ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა გადამზიდავების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ე.წ. „გადაყიდვების“ შესახებ და მოვუწოდებთ ყველა პირს, მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურს.
შეზღუდული ნებართვების გაცემა დაინტერესებულ პირთათვის ნებართვების რაციონალურად განაწილების პრინციპით სრულიად გამჭირვალედ მიმდინარეობს.
სააგენტოს მომსახურეობის ოფისებში, საერთაშორისო გადაზიდვების ორმხრივი (იმპორტი/ექსპორტი) და ტრანზიტული ტიპის ნებართვების გაცემა დღემდე შეუზღუდავად მიმდინარეობს. აგრეთვე, ბოლო პერიოდში პარტნიორ ქვეყნებთან წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე, გაცვლილი ნებართვების რაოდენობამ უპრეცედენტოდ მაქსიმალური ოდენობა შეადგინა, - წერია განცხადებაში.
ნატახტარში ტრაილერის მძღოლებმა პროტესტი განაახლეს. ისინი სახმელეთო ტრანსპორტის ხელმძღვანელს ლევან გამყრელიძეს და მის გარემოცვას კორუფციაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება გადაზიდვის დოკუმენტს, რომლის მეშვეობითაც ტრაილერის მძღოლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საქართველოს საზღვარი გადაკვეთონ და სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულონ.
26 მარტს მძღოლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აანონსებენ მასშტაბურ აქციას.