
ყირგიზეთი თავის მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს
25/03/2024 15:30:06 მსოფლიო
ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საკუტარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან, თუ ეს გადაუდებელ აუცილებლობასთან არ არის კავშირში.
22 მარტს მოსკოვის ოლქში, „კროკუს სიტი ჰოლში“, მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა გააძლიერეს კონტრტერორისტული ზომები და გაამკაცრეს სასაზღვრო შემოწმება. ამასთან, როგორც ცნობილია, თავდასხმაში ოთხ ტაჯიკს დასდეს ბრალი. იტყობინებოდნენ, რომ მთელი დღით აყოვნებდნენ ტაჯიკეთის მოქალაქეებს აეროპორტებში. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს თავის მოქალაქეებს, გადადონ რუსეთში მოგზაურობა, ვიდრე ამ ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს.
გამოცემა "ბაზა" წერს, რომ ტაჯიკური თემების ხელმძღვანელებმა მოამზადეს რეკომენდაციები თანამოქალაქეებისთვის, რომ არ დაესწრონ მასობრივ ღონისძიებებს და საღამოობით არ დატოვონ სახლები.
იუწყებიან ინციდენტის შესახებაც. ამურის რაიონის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს მიგრანტების კუთვნილ სავაჭრო პავილიონს. როგორც ქალაქის მერმა ოლეგ იმამეევმა განაცხადა, "ცხადია, ნაციონალიზმის საფუძველზე." კალუგაში, უცნობი თავდამსხმელების ჯგუფმა ქუჩაში ტაჯიკის სამი მოქალაქე სცემა, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებობს ცნობები რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, რომ მომხმარებლები უარს ამბობენ ტაჯიკური ეროვნების ტაქსის მძღოლების მომსახურებაზე. ისინი მოითხოვენ შეკვეთის გაუქმებას, თუ გაარკვევენ, რომ მძღოლი ტაჯიკია.
პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრე ბეგლოვმა სამართალდამცავ ორგანოებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ქალაქში მიგრანტი მუშების საცხოვრებელი ადგილები "განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იქნება", თუმცა არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს „განსაკუთრებული კონტროლი“. მიგრანტებს აქტიურად ამოწმებენ რუსეთის სხვა რეგიონებშიც.