„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს: "200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა"
25/03/2024 13:52:01 პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობის“ ლიდერებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელმოწერები მიიტანეს, რითაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი, რომლითაც მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება შეუძლია შეწყალებაა, თუმცა პარტიის ლიდერები მედიისთვის მიცემულ კომენტარში ამ სიტყვას არ ახსენებენ.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ასეთი ერთობა გამოიღებს შედეგს. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი... სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გაითვალისწინოს იმ ასი ათასობით ქართველის და მოქალაქის მოთხოვნა და თხოვნა, რომლის პრეზიდენტიც თავად არის“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე.
მისი თქმით, 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა, მათ შორის – ქუთაისში, ბათუმში და წალენჯიხაში.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტს ამ თხოვნით არაერთხელ მიმართეს. სალომე ზურაბიშვილი, როგორც წესი, არ საუბრობს ვის შეიწყალებს და ვის - არა. თუმცა მას თვეების წინ სააკაშვილი შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს „არა და არასოდეს“.


