
უკრაინა დანიასთან იარაღის საკითხზე შეთანხმდა
25/03/2024 13:16:38 მსოფლიო
უკრაინის სახელმწიფო საწარმომ და დანიის თავდაცვის შესყიდვებისა და ლოგისტიკის ორგანიზაციამ (DALO) ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თავდაცვის შესყიდვებში.ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
მხარეები, მემორანდუმის ფარგლებში, შეთანხმდნენ გამოცდილების გაცვლასა და თანამშრომლობაზე საგარეო ბაზრებზე იარაღის შესყიდვის სფეროში.
თავდაცვის შესყიდვების სააგენტოს დირექტორის მარინა ბეზრუკოვას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით თანამედროვე იარაღის შეძენა სახელმწიფო საწარმოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
„დარწმუნებული ვართ, რომ დანიის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებისა და ლოგისტიკის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაძლიერება ხელს შეუწყობს ახალი კონტრაქტების დადებას და ჩვენი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას“, - აღნიშნა მან.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა კიევში შეხვედრა გამართა დანიის ვიცე პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან ტროელს ლუნდ პულსენთან, სადაც განიხილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობა და იარაღის ერთობლივი წარმოების პერსპექტივები.