კობახიძემ ფაშინიანი საქართველოში მოიწვია

25-03-2024 15:28:33 კავკასია

საქართველო უპირობოდ უჭერს მხარს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 25 მარტს ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,– იტყობინება სომხური მედია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა ოფიციალური თბილისის მზადყოფნა, გაწიოს ძალისხმევა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად.

კობახიძემ ხაზი გაუსვა სომეხ და ქართველ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას, მადლობა გადაუხადა ერევანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროსა და ფორმატში თანამშრომლობაზე - ტრანსპორტი, ეკონომიკა, ტურიზმი. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონულ მოვლენებზე და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას გამოწვევების დასაძლევად.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში და იმედოვნებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება. თავის მხრივ, საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში.

მან ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მოიწვია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები