
ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროპელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენისკენ მოუწოდებენ
25/03/2024 10:50:39 მსოფლიო
ევროპული ქვეყნები გაცილებით უკეთ უნდა იყვნენ მზად რუსეთთან შესაძლო დაპირისპირებისთვის და ამას მთელი რიგი ღონისძიებები სჭირდება - თავდაცვის ხარჯების გაზრდისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენის ჩათვლით. ამის შესახებ ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადეს.
ნატოს წევრმა ქვეყნებმა ევროპაში უნდა გაზარდონ სამხედრო ხარჯები „ცივი ომის პერიოდის დონემდე“ და „სერიოზულად განიხილონ“ გაწვევის შემოღება, რათა გაზარდონ შეიარაღებული ძალების რაოდენობა, ამბობს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი. გასაგებია, რომ სამხედროები და პოლიტიკოსები პროფესიონალურ არმიას ამჯობინებენ, მაგრამ სავალდებულო სამსახური რეზერვებს შეავსებს, – თქვა მან.
"არავის სურს ომი. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არც არავის სურს, გახდეს შემოჭრის მსხვერპლი. და არავის უნდა, რომ აქაც განმეორდეს ის, რაც უკრაინაში ხდება".
იანვარში, ბრიტანეთის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა პატრიკ სანდერსმა განაცხადა, რომ საზოგადოება და რიგითი მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ რუსეთთან შესაძლო ომისთვის, ამისთვის გონივრული იქნება, საფუძველი ჩაეყაროს „ნაციონალურ მობილიზაციას“ და ჩამოყალიბდეს "მოქალაქეთა ჯარი." მისი აზრით, აუცილებელია არმიის არა 73 000 კაცამდე შემცირება, როგორც ეს ამჟამად იგეგმება, არამედ მისი გაზრდა 120 000-მდე. დეკემბერში სანდერსმა დღევანდელი ვითარება შეადარა 1937 წელს, როდესაც დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები განიხილავდნენ, მოუწევდათ თუ არა ჰიტლერთან ბრძოლა.
ლატვიამ, ლიეტუვამ და შვედეთმა ცოტა ხნის წინ აღადგინეს გაწვევა, ხოლო დანიამ თებერვალში დაიწყო ქალთა სავალდებულო სამსახურის შემოღებაზე მსჯელობა. ესტონეთში, ფინეთსა და ნორვეგიაში გაწვევა არ გაუქმებულა ცივი ომის დასრულების შემდეგ.
ესტონეთის პრეზიდენტის ალარ კარისის განცხადებით, თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად სპეციალური გადასახადის შემოღებაზე ევროპის ქვეყნებმაც უნდა იფიქრონ. შეერთებულ შტატებს უკავია ნატოს ხარჯების 68%, ხოლო გასულ წელს მისი სამხედრო ბიუჯეტი 860 მილიარდი დოლარი იყო ევროპისა და კანადის 404 მილიარდი დოლარის წინააღმდეგ; „ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა“ ეს მაჩვენებლები ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის თანაბარი ყოფილიყო, – თვლის კარისი. ესტონეთის მთავრობამ წამოაყენა იდეა „თავდაცვითი გადასახადის“ შესახებ, რომელიც გაზრდის დაკავშირებულ ხარჯებს მშპ-ს 3%-მდე (ნატო-ს მიზნობრივი მშპ-ის 2%-ის წინააღმდეგ).