
მედია: ისრაელი თანახმაა, გაათავისუფლოს 700 პალესტინელი 40 მძევლის სანაცვლოდ
25/03/2024 10:12:28 მსოფლიო
ისრაელი დათანხმდა აშშ-iს შეთავაზებას, გაათავისუფლოს დაახლოებით 700 პალესტინელი პატიმარი "ჰამასის" მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს დატყვევებული 40 მძევლის სანაცვლოდ. ამის შესახებ, მათ შორის, CNN იუწყება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. რადიკალური დაჯგუფება "ჰამასი", რომელიც აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირში ტერორისტულად არის აღიარებული, ჯერ არ გამოხმაურებია წინადადებას.
წინადადება წარადგინა CIA-ს დირექტორმა უილიამ ბერნსმა კატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებების დროს, რომელსაც ისრაელი და "ჰამასი" შუამავლების მეშვეობით რამდენიმე თვეა აწარმოებდნენ.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო "ჰამასის" წინადადებები მძევლების გათავისუფლების შესახებ და მათ "აბსურდი" უწოდა – "ჰამასი" მოითხოვდა ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას და ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზას სექტორიდან.
მძევლების გაცვლა მოხდა გასული წლის ნოემბერში ხანმოკლე ზავის დროს. 240 პალესტინელ პატიმარზე გაცვალეს 105 ისრაელელი მძევალი. ღაზაში ამ დრომდე 130-მდე მძევალი რჩება. ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ სჯერათ, რომ მათგან დაახლოებით 30 დაიღუპა.
შეთანხმებების მიღწევის კიდევ ერთი დაბრკოლება არის ისრაელის მიერ დაგეგმილი ოპერაცია ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაში, სადაც მილიონზე მეტი პალესტინელია. შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება ოპერაციას და მოითხოვს, რომ ისრაელმა მიიღოს ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, ისრაელის თავდაცვის ძალები შევლენ რაფაში, დაასრულებენ "ჰამასის" დარჩენილი ბატალიონების ლიკვიდაციას, აღადგენენ უსაფრთხოებას და უზრუნველყოფენ "ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოს სრულ გამარჯვებას". ნეთანიაჰუს ასევე სურს, დაამყაროს ძალისმიერი კონტროლი პალესტინის ყველა ტერიტორიებზე - მდინარე იორდანიდან ხმელთაშუა ზღვამდე და ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომელსაც ის ისრაელისთვის საფრთხედ მიიჩნევს.
შეერთებულ შტატებსა და მსოფლიო საზოგადოების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ფორმულას „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“ შეუძლია.