
რუსეთი თავს დაესხა კიევს, ნამსხვრევების ვარდნა ოთხ რაიონში დაფიქსირდა
25/03/2024 09:59:08 მსოფლიო
კიევის პეჩერსკის რაიონში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა.
„წინასწარი ინფორმაციით, კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად პეჩერსკის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი“, - წერს ის თავის ტელეგრამ–არხზე.
საერთო ჯამში, რაკეტის ნამსხვრევების ვარდნა დაფიქსირდა კიევის ოთხ რაიონში - პეჩერსკი, გოლოსევსკი, სოლომენსკი, დნეპროვსკი.
ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს დედაქალაქის პეჩერსკის, სოლომენსკის და დნეპრის რაიონებში.
კიევში აფეთქებების ხმები განგაშის გამოცხადებისთანავე გაისმა. სადამკვირვებლო არხები წერდნენ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიიდან რაკეტების გაშვების შესახებ.
რუსი სამხედროები რეგულარულად უტევს უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა ტიპის იარაღით. მოსკოვი, მიუხედავად მტკიცებულებებისა, უარყოფს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.