
პოლონეთმა განმარტა, რატომ არ ჩამოაგდეს რუსული რაკეტა, რომელმაც მისი საზღვარი გადაკვეთა
25/03/2024 08:34:17 მსოფლიო
პოლონეთის სამხედრო სარდლობის განცხადებით, მათ იცოდნენ, რომ "რუსული რაკეტა, რომელმაც 24 მარტის დილით სავოევოდოს თავზე გადაუფრინა, უკრაინაში დაბრუნდებოდა“.
„უკრაინის საჰაერო თავდაცვამ იცის, რომ რუსული რაკეტების უმეტესობა მოდის აღმოსავლეთიდან ან ჩრდილოეთიდან; დამცველები ნაკლებად ელიან დასავლეთიდან შეტევას. ამიტომ, რუსეთის ფედერაცია განზრახ მანევრირებს თავისი რაკეტებით ისე, რომ ისინი დასავლეთიდან შევიდნენ და მოხვდნენ უკრაინის სამიზნეებს“, - თქვა იაცეკ გორიშევსკიმ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერმა.
მისივე განმარტებით, ”გადაწყვეტილება, რომ რაკეტა არ ჩამოეგდოთ, მიიღო შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ”.
„გადაწყვეტილება ეყრდნობოდა ჩვენი სარადარო სისტემების მონაცემებს. რაკეტის ტრაექტორიის, სიჩქარისა და სიმაღლის შეფასებამ აჩვენა, რომ ის დატოვებდა ჩვენს საჰაერო სივრცეს“, - თქვა სპიკერმა.
ვიცე-პოლკოვნიკ გორიშევსკის თქმით, „რაკეტის ჩამოგდების მცდელობა უფრო დიდ რისკს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას“.
„რაკეტა ორ ტონაზე მეტს იწონის, საიდანაც 400 კილოგრამი საბრძოლო დატვირთვაა. რაკეტის ჩამოგდების შემდეგ მისი ფრაგმენტები ჩვენს ტერიტორიაზე დაეცემა. აქვე დაეცემა ეფექტორის ნარჩენები, რომელიც რაკეტის ჩამოგდებას გამოიყენება“, - აღნიშნა მან.
მანამდე ვარშავამ განაცხადა, რომ 24 მარტს, 4:23 საათზე მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა რუსეთის შორი მანძილის ავიაციის მიერ გაშვებული ერთ-ერთი ფრთოსანი რაკეტით. პოლონეთის სამხედროების თქმით, ობიექტი პოლონურ სივრცეში შევიდა ოსიერდოუს (ლუბლინის სავოევოდო) მახლობლად და იქ 39 წამი დაჰყო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული რაკეტა არღვევს ნატოს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეს.
24 მარტის ღამეს რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 29 ფრთოსანი რაკეტით და 28 "შაჰედის" უპილოტო საფრენი აპარატით. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, კიევის, ვოლინის და ლვოვის რეგიონებში 18 რაკეტა და 25 დრონი ჩამოაგდეს.