
უკრაინის დაზვერვა: ყირიმში რუსული გემი "იამალი" კრიტიკულად დაზიანდა
25/03/2024 07:43:03 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ რუსული დიდი სადესანტო ხომალდი „იამალი“, რომელსაც 23 მარტს თავს დაესხნენ, კრიტიკულად დაზიანდა.
”უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, "იამალის" სადესანტო გემის დაზიანება კრიტიკულ ხასიათს ატარებს – ოკუპანტები დაზიანებული გემიდან წყალს განუწყვეტლივ ტუმბავენ“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ 23 მარტს ანექსირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ობიექტებზე "წარმატებული საცეცხლე ზემოქმედება" განხორციელდა - თავს დაესხნენ სევასტოპოლში გემების სარემონტო ქარხანას, სადაც, მათ შორის, ბაზირებული იყო დიდი სადესანტო გემი „იამალი“.
ანექსირებულ სევასტოპოლში 23 მარტის გვიან საღამოს გამოცხადდა საჰაერო თავდასხმის განგაში. ადგილობრივები სულ მცირე, ექვსი ძლიერი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა "მფრინავებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის".
რუსეთის მიერ კონტროლირებადი სევასტოპოლის ხელმძღვანელმა მიხეილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ საღამოს სევასტოპოლზე განხორციელებული თავდასხმა იყო "ყველაზე მასიური ბოლო დროს".
24 მარტის დილით უკრაინამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს დიდ სადესანტო ხომალდებს "იამალს" და "აზოვს", საკომუნიკაციო ცენტრს და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი.