Accentnews.ge
ძიუდოს დიდ სლემზე საქართველომ ოთხი ოქრო მოიპოვა

ძიუდოს დიდ სლემზე საქართველომ ოთხი ოქრო მოიპოვა

25/03/2024 07:26:51 საზოგადოება

დიდი სლემის ტურნირის დასკვნით დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ფინალში აზერბაიჯანელი ელჯან ხაჯიევი დაამარცხა. უკვე პირველ წუთზე ბექაურმა სანახაობრივი გდება შეასრულა, რაც მსაჯებმა უმაღლეს ქულად - იპონად შეაფასეს.

"ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველოში შეჯიბრის დროს ატმოსფერო ყოველთვის განსხვავებულია. მიყვარს ჩემი ქვეყანა. როცა აქ ვიბრძვი, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ, აქ ტურნირი მეორედ მოვიგე“, - განაცხადა ფინალის შემდეგ ლაშა ბექაურმა.

მამაკაცთა შორის აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ოქრო ასევე საქართველომ მოიპოვა. გურამ თუშიშვილმა აზერბაიჯანის ნაკრებიდან უშანგა კოკაური დაამარცხა.

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ესპანეთის წარმომადგენელმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ფინალში კანადელი შადი ელნაჰასი დაამარცხა.

ამ დღეს სპორტის სასახლემ ასევე გაიხსენა 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნისა და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონის ვარლამ ლიპარტელიანის მიღწევები, რომელიც სცენაზე ავიდა და სპორტული კარიერიდან წასვლის შესახებ განაცხადა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა მას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

არაოფიციალურ გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით. ძიუდოს დიდი სლემის მორიგი ტურნირი ანტალიაში 29-დან 31 მარტამდე გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S