
ოდესასა და ნიკოლაევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა
25/03/2024 06:30:20 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის ოდესის და ნიკოლაევის ოლქებს უპილოტო საფრენი აპარატებით კვლავ შეუტია. თავდასხმის გამო საჰაერო განგაში 25 მარტს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოდესის და ნიკოლაევის ოლქებში 4-4 დრონი ჩამოაგდეს.
სარდლობის მონაცემებით, ნიკოლაევის ოლქში დრონი მოხვდა ენერგეტიკულ ობიექტს, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. ერთ-ერთი მოგერიებული აპარატის ჩამოვარდნის შედეგად დაინგრა ერთი ორსართულიანი სახლი და რამდენიმე დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 11 ადამიანი.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, ოდესის ოლქში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა ენერგეტიკული ობიექტი. ქალაქ ოდესის ცენტრს და მიმდებარე რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.