
მოსკოვში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ საფრანგეთმა ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა
25/03/2024 05:50:34 მსოფლიო
საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა.
გადაწყვეტილება 24 მარტს, ღამით ელისეს სასახლეში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით გამართულ თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და ასევე, საშიშროება, რომლის წინაშე საფრანგეთიცაა.
ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე შესაბამის სამსახურებს აძლევს უფლებას, მიიღონ ისეთი ზომებიც, რომლებიც შესაძლოა, ზიანს აყენებდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას.
საფრანგეთი სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფების სამიზნედ არაერთხელ იქცა. ყველაზე მასშტაბური იყო 2015 წლის ნოემბერში პარიზში მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
2024 წლის ივლის-აგვისტოში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება.
ცნობისთვის: 22 მარტს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა, სულ მცირე, 137 ადამიანი. 180-ზე მეტი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე.
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ტერაქტის განხორციელებაში ბრალდებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეუფარდა. დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს, მუჰამადსობირ ფაიზოვს და შამსიდინ ფარიდუნის სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.